მდინარე დიღმულას გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს

25/03/2017

შპს თბილსერვის ჯგუფი მდინარე დიღმულას გაწმენდით სამუშაოებს განაგრძობს. თბილისის მერი დავით ნარმანია მოადგილესთან გიგა ნიკოლეიშვილთან, დიდუბის რაიონის გამგებელთან – ირმა ზავრადაშვილთან და შპს „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორის პირველ მოადგილესთან დავით დოლიძესთან ერთად სამუშაოების მიმდინარეობას პირადად გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. დავით ნარმანიას განცხადებით, ტერიტორიისა და მდინარის ნარჩენებისგან გაწმენდის შედეგად გამოჩნდა სივრცე, რომელიც რეკრეაციულად განვითარდება. „მტკვრის კალაპოტის გაწმენდის შემდეგ მსგავსი ღონისძიებების გატარება ჩვენ მდინარე დიღმულაზე დავგეგმეთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. მოსახლეობის თქმით, წლებია მათ აქ არსებული სიტუაცია აწუხებთ. ტერიტორია რეკრეაციული თვალსაზრისითაც საინტერესოა და დასუფთავების შედეგად გამოჩნდა სივრცე, სადაც ზაფხულის განმავლობაში ადგილობრივი მცხოვრებლები შეძლებენ დასვენებას, ამიტომ ძალიან კარგი საქმე კეთდება,“- განაცხადა თბილისის მერმა. მდინარე და მისი მიმდებარე ტერიტორია სპეციალური ტექნიკის საშუალებით, წლების განმავლობაში დაგროვილი სხვადასხვა სახის ნარჩენისგან იწმინდება. გარდა ამისა, ხორციელდება იმ ხეების სხვლა-ფორმირება, რომლებიც გამხმარია და მდინარის ჯებირებს აზიანებს. ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, მდინარე დიღმულას მიმდებარე ტერიტორია და ხეობა ბოლო ათეული წლებია არ გაწმენდილა, რაც თავის მხრივ, ანტისანიტარიას იწვევდა. მდინარე დიღმულას გაწმენდითი სამუშაოები 20 მარტს დაიწყო და რამდენიმე დღეში დასრულდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0