მგავსი სახის ღონისძიებები ჩვენი რეგიონისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია

04/02/2024

3 და 4 თებერვალს, გუდაურმა მსოფლიო თასს უმასპინძლა სნოუბორდ კროსის დისციპლინაში. გამარჯვებულის ტიტულის მოსაპოვებლად, საშეჯიბრო ტრასაზე ერთმანეთს 17 ქვეყნის 90 ტოპ ათლეტი შეხვდა. სნოუბორდ კროსის დისციპლინაში მსოფლიო თასის ეტაპი ქალთა შორის ბრიტანელმა შარლოტ ბენქსმა მოიგო, კაცებში კი პირველობა არავის დაუთმო კანადელმა ელიოტ გრონდინიმ. კაცთა შორის გამარჯვებულები მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულმა დავით ნოზაძემ დააჯილდოვა.

„მგავსი სახის ღონისძიებები ჩვენი რეგიონისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგანაც ხელს უწყობს არა მარტო სპორტის განვითარებასა და ჯანსაღი ცხოვრების დანერგვას, არამედ სამთო სათხილამურო ტურისტული პოტენციალის გაძლიერებასა და მის პოპულარიზაციას. ეს მსოფლიო ტურისტულ ბაზარზე კიდევ უფრო მეტად გაზრდის გუდაურის ცნობადობას, რაც დადებითად იმოქმედებს კურორტის ეკონომიკასა და შესაბამისად, კეთილდღეობაზე. სასიხარულოა, რომ მსოფლიო თასს ღირსეულად ვუმასპინძლეთ, რისთვისაც ყველა შესაბამის უწყებას მადლობას ვუხდი და იმედს ვიტოვებ, ჩვენს მხარეში სამომავლოდ მსგავსი მასშტაბის კიდევ არაერთი ღონისძიება გაიმართება.“ – განაცხადა დავით ნოზაძემ.

აღსანიშნავია, რომ მსოფლიო თასს სნოუბორდში გუდაურმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს “მთის ტრასების სააგენტოს” (MTA) ორგანიზებითა და სხვა ყველა შესაბამისი უწყების ჩართულობით უმასპინძლა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0