მაცაცო ნარიმანიძე აზიის განვითარების ბანკის (ADB) წარმომადგენლებს შეხვდა

24/01/2023

დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი მაცაცო ნარიმანიძე მოადგილეებთან ერთად აზიის განვითარების ბანკის (ADB) წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ხადის ხეობის განვითარების გეგმაზე ისაუბრეს, რომელიც მიზნად ისახავს, ქვეშეთი-კობის ახალი გზის მშენებლობის შედეგად, ხეობის პოტენციალის სრულად გამოყენებას, არსებული უნიკალური გარემოსა და მატერიალური თუ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებას. განვითარების გეგმა ასევე გამოიყენება სამშენებლო და არასამშენებლო ზონების იდენტიფიცირებისათვის, ბუნებრივი და კულტურული ლანდშაფტის გამოკვეთისთვის, ფუნქციური ზონებისა და ქვე-ზონების განსაზღვრისთვის. მაცაცო ნარიმანიძის თქმით, აღნიშნულ პროცესში ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობა და მათი მოსაზრების გაზიარება მუნიციპალიტეტისათვის პრიორიტეტული საკითხია და ხეობის განვითარების კონცეფციაშიც ადგილობრივების შეხედულებები უნდა იქნას გათვალისწინებული. ცნობისათვის, ქვეშეთი-კობის ახალი გზის პროექტი ხორციელდება ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაკვეთით. მისი საერთო ღირებულება 1.240 მილიარდი ლარია. სამშენებლო სამუშაოებს აზიის განვითარების ბანკი და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი აფინანსებს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0