როგორც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ აღნიშნა, კანონით დადგენილი შეღავათების გასაწევად 2019-2020 წელს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ჯამში 157 მლნ ლარამდე მიიმართა. კანონით განსაზღვრული მხარდაჭერა გაეწიათ ოჯახებს შვილის შეძენისას, მასწავლებლებს, ექიმებს, ექთნებს, სოციალური დახმარების მიმღებ პირებს, სპორტის სფეროში დასაქმებულ მწვრთნელებს და დაფინანსდა მოხმარებული ელექტროენერგიის შეღავათი.
საბჭოს სხდომაზე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურისა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრებმა ასევე წარადგინეს მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდიდან დაფინანსებული პროექტებისა და პროგრამების შესრულების ანგარიში. ანგარიშის თანახმად, მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდისთვის გამოყოფილი 20 მლნ ლარიდან 19 მუნიციპალიტეტში სულ დაფინანსდა 21 პროექტი, მათ შორის: გზის, წყალმომარაგების, საბავშვო ბაღის რეაბილიტაციის, სახიდე გადასასვლელის მშენებლობის, სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობისა და სხვა პროექტები.
2.98 მლნ ლარით დაფინანსდა სოფლის მეურნეობის მიმართულებით სხვადასხვა პროგრამა, დაახლოებით 8,5 მლნ ლარი კი ყურძნის შესყიდვა-გადამუშავების ხელშეწყობის ღონისძიებებს მოხმარდა. მთის განვითარების ეროვნული საბჭოს წევრებმა ასევე განიხილეს „მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდისთვის გათვალისწინებული ასიგნებებიდან თანხის გამოყოფის შესახებ” საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი, რომლის თანახმადაც, მიმდინარე წელს 10 მლნ ლარი ინფრასტრუქტურის განვითარებას, 5 მლნ ლარი კი, სოფლის მეურნეობის მიმართულებას მოხმარდება. გამოყოფილი თანხით რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო 24 მუნიციპალიტეტში 25 პროექტს დააფინანსებს.
მთის განვითარების ეროვნულ საბჭოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ „მაღალმთიანი დასახლებების განვითარების 2019-2023 წლების სტრატეგიის” 2021-2023 წლების სამოქმედო გეგმა გააცნო.
2019-2023 წლების მაღალმთიანი რეგიონების განვითარების სტრატეგია მიზნად ისახავს მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრები ადამიანების საცხოვრებელი პირობების მნიშვნელოვნად გაუმჯობესებას და 2023 წლისთვის არსებული დემოგრაფიული ვითარების შერბილებას მაღალმთიან რეგიონებში არსებული სპეციფიკური საჭიროებების გათვალისწინებით. დოკუმენტი ითვალისწინებს ღონისძიებების გატარებას სამი მიმართულებით: მაღალმთიანი დასახლებების მდგრადი განვითარება, იქ მცხოვრებთა სოციალური მხარდაჭერა და სერვისების ხელმისაწვდომობა.
2021-2023 წლების სამოქმედო გეგმის ძირითადი ამოცანებია, ტურიზმის განვითარების მხარდაჭერა, სოფლის მეურნეობის მხარდაჭერა, სამეწარმეო საქმიანობის მხარდაჭერა, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა, გარემოს დაცვა და ბუნებრივი რესურსების მართვა; ჯანდაცვის ხარისხიან სერვისებზე ხელმისაწვდომობა, ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობა, დემოგრაფიული ვითარების გაუმჯობესება, კომუნალური და საკომუნიკაციო სერვისების ხელმისაწვდომობა, კულტურულ-სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება; ასევე, მართვისა და მომსახურების ინოვაციური სისტემების დანერგვა და საჯარო სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდა. აღნიშნული ამოცანების განხორციელებისათვის 973 მლნ ლარი გამოიყოფა, რაც 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმის ფარგლებში დაგეგმილ თანხას 20%-ით აღემატება.
2019-2020 წლებში, სამოქმედო გეგმის თანახმად, დაიგო და პერიოდული შეკეთება ჩაუტარდა 380 კმ გზას, აშენდა სასწრაფო დახმარების 13 შენობა და აღიჭურვა მაღალი გამავლობის 12 სასწრაფო დახმარების მანქანით, აშენდა ან რეაბილიტაცია ჩაუტარდა 134 ამბულატორიას, აშენდა და რეაბილიტაცია ჩაუტარდა 34 სკოლას, აშენდა 7 საზოგადოებრივი ცენტრი, გაზიფიცირდა 53 მაღალმთიანი დასახლება, მზის პანელები დაუმონტაჟდა 207 ოჯახს.
„მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ” საქართველოს კანონი პარლამენტმა 2015 წლის 16 ივლისს მიიღო. კანონის მიღების შემდეგ მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მინიჭებული აქვს 1 797 დასახლებას (საქართველოს მთლიანი დასახლებების დაახლოებით 48 %), მათ შორის 9 ქალაქს, 21 დაბას და 1 767 სოფელს. ამ დასახლებებში, 2014 წლის აღწერით, ცხოვრობს 358.4 ათასამდე ადამიანი (საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით 9%). 2021 წლის მარტის მონაცემებით, სტატუსით სარგებლობს დაახლოებით 258.4 ათასი ადამიანი და 439 საწარმო.
,,მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი სოციალური შეღავათებით სარგებლობის შესახებ 2019-2020 წლების ანგარიში განიხილეს
11/03/2021