მასწავლებლებთან შეხვედრები ეტაპობრივად მთელი ქვეყნის მასშტაბით იმართება

04/04/2024

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულთან, გიორგი დოხტურიშვილთან, რუსთავის მერთან, ნინო ლაცაბიძესთან და რუსთავისა და გარდაბნის ათი თემის მაჟორიტარ-დეპუტატთან, ირაკლი შატაკიშვილთან ერთად ქალაქ რუსთავში 150-ზე მეტ მასწავლებელთან შეხვედრა გამართა. მინისტრმა შეხვედრის მონაწილეებს მასწავლებელთა მხარდაჭერის, მათი პროფესიული განვითარების მიზნით გადასადგმელი ნაბიჯები გააცნო და პედაგოგებს ახალი სახელფასო პოლიტიკის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. გარდა ამისა, საუბარი შეეხო სხვადასხვა აქტუალურ საკითხს. მათ შორის, ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების ახალი დოკუმენტის შემუშავებას, ეროვნულ სასწავლო გეგმას, საგნობრივი სტანდარტების განახლებას, სახელმძღვანელოების გადახედვას, მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში განსახორციელებელ ცვლილებებს. გარდა ამისა, მასწავლებლებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მათთვის საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით შეკითხვები დაესვათ და უშუალოდ მინისტრისგან მიეღოთ ამომწურავი ინფორმაცია.
აღსანიშნავია, რომ გიორგი ამილახვარის ინიციატივით მასწავლებლებთან შეხვედრები ეტაპობრივად მთელი ქვეყნის მასშტაბით იმართება, რათა პედაგოგთა წინაშე არსებულ პრობლემებზე მოხდეს დროული რეაგირება და შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მათი აქტიური ჩართულობის უზრუნველყოფა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0