მარნეულში 31 დევნილ ოჯახს სახლები აუშენდებათ

26/06/2019

მარნეულის მუნიციპალიტეტში, ელევატორის დასახლებაში, ავარიულ კორპუსებში მცხოვრებ, დევნილ ოჯახებს, რომლებიც ადგილზე წლებია ცხოვრობენ და სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას ეწევიან, საცხოვრებელი სახლების მშენებლობისთვის შესაბამისი დოკუმენტაცია გადაეცათ. ღონისძიებაში მონაწილეობა ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე მამუკა ცოტნიაშვილმა, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა, ზაურ დარგალმა და ლტოლვილთა დანიის საბჭოს სტრატეგიული პარტნიორობის მენეჯერმა ნინო ხოხობაიამ მიიღეს.
31 ოჯახისთვის, სახლების მშენებლობა და სოფლის ტიპის დასახლების მოწყობა მუნიციპალიტეტში, პროექტის სახელწოდებით – „ეკონომიკური მონაწილეობა, საცხოვრებლით უზრუნველყოფა და სოციალური ინფრასტრუქტურა იძულებით გადაადგილებულ პირთა და მასპინძელი თემებისათვის“ ფარგლებში, გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (KfW), ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდება.
აღსანიშნავია, რომ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობა, იძულებით გადაადგილებული პირების დახმარების მიზნით, საქართველოს გრანტის სახით, 10 მილიონ ევროს გადმოსცემს, რომლის ერთ–ერთი კომპონენტი მარნეულში დევნილი ოჯახების ბინებით უზრუნველყოფაა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0