მარნეულში, ახალაშენებულ კორპუსში საცხოვრებელი ფართის მფლობელი კიდევ 28 დევნილი ოჯახი გახდა. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა დევნილ ოჯახებს ბინების გასაღებები გადასცა და ახალმოსახლეობა მიულოცა. მენაშენეების პროექტის ფარგლებში, სამინისტრომ მარნეულში, რუსთაველის ქუჩაზე, ახალაშენებულ კორპუსში 57 ბინა შეისყიდა. კორპუსის სამშენებლო სამუშაოები კონკურსში გამარჯვებულმა კომპანიამ, შპს „ნოვომ“ განახორციელა. პირველ ეტაპზე დევნილ ოჯახებს 29 ბინა გადაეცათ. დღეს კი ბინის გასაღებები კიდევ 28 დევნილმა ოჯახმა მიიღო. 28 ბინიდან 5-ერთოთახიანია, 12-ოროთახიანი და 11-სამოთახიანი. დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი იმ დევნილ ოჯახებსაც ესტუმრა, რომლებიც სამინისტროს მიერ გადაცემულ ბინებში უკვე გადავიდნენ და მათ საცხოვრებელ პირობებს პირადად გაეცნო.
მარნეულში 28 დევნილ ოჯახს ბინები გადაეცა
10/04/2017