საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან მარიხუანას დეკრიმინალიზაციის მოთხოვნით აქცია, სახელმწოდებით „არ დაიჭირო“ იმართება. აქციის მონაწილეები ითხოვენ, რაც შეიძლება მალე მოხდეს მარიხუანას დეკრიმინალიზაცია, რადგან, მათი აზრით, მარიხუანას მოხმარებისთვის ადამიანების ციხეში ჩასმა დაუშვებელია.
საინიციატივო ჯგუფის წევრების განცხადებით, გასულ წლებში ჩატარებული აქციების მიუხედავად, მთავრობას ქმედითი ნაბიჯები არ გადაუდგამს და მათი მოთხოვნა უცვლელი რჩება.
როგორც მათ განაცხადეს, მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლებამ შეასრულოს ის დანაპირები, რომელიც ჯერ კიდევ წინასაარჩევნოდ გასცეს. წინასაარჩევნოდ ”ქართული ოცნების” ერთ-ერთი დაპირება სწორედ მარიხუანას დეკრიმინალიზაციას უკავშირდებოდა.
აქციას საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები შეუერთდნენ.
პოლიტიკური უმცირესობის წარმომადგენლების განცხადებით, მოთხოვნები, რომლებიც აქციაზე ჟღერდება, ლეგიტიმურია, ხელისუფლებას კი მის გათვალისწინებას ურჩევენ.
უფრო კონკრეტულად, მთავრობის ადმინისტრაციასთან მივიდნენ ”ნაციონალური მოძრაობის”, ”გირჩის”, გიორგი ვაშაძის პარტიის და ”რეფორმატორების” წარმომადგენლები.
აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან ერთი საათია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეთა ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა მარიხუანას დეკრიმინალიზაციაა.
უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით ადგილზე საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებია მობილიზებული.
აქციის მონაწილეები მთავრობის ადმინისტრაციასთან დარჩენას 23:00 საათამდე აპირებენ.
მარიხუანას დეკრიმინალიზაციის მოთხოვნით მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
02/06/2016