განათლების მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში საქართველოში ვიზიტად მყოფი კორეის რესპუბლიკის საპარლამენტო დელეგაციის წევრებს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობასა და სამომავლო თანამშრომლობის გაფართოების პერსპექტივაზე ისაურეს.
მარიამ ჯაში: „ჩვენს ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობა უკვე 25 წელს ითვლის, თუმცა ორმხრივი პროგრამული თანამშრომლობა კვლავაც ტოვებს მნიშვნელოვანი გაფართოების შესაძლებლობებს. დღეს ვისაუბრეთ განათლების, მეცნიერებისა და კულტურის მიმართულებით შესაძლო თანამშრომლობაზე, როგორც ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს შორის, ასევე განათლების თვალსაზრისით სტუდენტთა გაცვლით პროგრამებზე, განათლების ინტერნაციონალიზაციის კუთხით შესაძლებლობებზე, კულტურული გამოცდილების გაცვლის ინიციატივებსა და ასევე, საქართველოში კორეის კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის დაფუძნების შესაძლებლობაზე“, – განაცხადა შეხვედრის შემდეგ მარიამ ჯაშმა.
განათლებისა და კულტურის საკითხებზე თანამშრომლობის გაფართოებასთან ერთად, საუბარი ასევე დაეთმო ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერების პლატფორმებს და ტურიზმის კუთხით კავშირების გაძლიერებას, რაც თავის მხრივ გაზრდის საქართველოში კორეის რესპუბლიკის მოქალაქეების ჩამოსვლის პერსპექტივას. სტუმრებმა ასევე დაადასტურეს მზაობა განათლების სისტემაში საინფორმაციო ტექნოლოგიების კუთხით თანამშრომლობის შესახებ.
მარიამ ჯაში კორეის რესპუბლიკის საპარლამენტო დელეგაციის წევრებს შეხვდა
14/08/2017