პარლამენტის წევრებმა „საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ სახალხო დამცველის 2022 წლის ანგარიში მოისმინეს. 375-გვერდიან ანგარიშში მიმოხილულია ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით ქვეყანაში მიღწეული პროგრესი და არსებული გამოწვევები, ასევე, სახალხო დამცველის მიერ გაცემული რეკომენდაციებისა და წინადადებების შესრულების მდგომარეობა.
„როდესაც სახალხო დამცველის თანამდებობაზე ამირჩიეს, წინა სახალხო დამცველს უკვე დასრულებული ჰქონდა ანგარიშზე მუშაობა, შესაბამისად, დოკუმენტი გამოგზავნილია სწორედ იმ ფორმით, რა ფორმითაც ის მოაზრებული იყო წინა სახალხო დამცველის საქმიანობის პერიოდში“, – განაცხადა სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას.
სახალხო დამცველის ინფორმაციით, 2022 წელს სახალხო დამცველის აპარატში ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტების შესახებ შევიდა 5277 განცხადება, რომელზეც შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება განხორციელდა. გამოვლენილი უფლებადარღვევების აღმოსაფხვრელად ცხელ ხაზზე დაფიქსირდა 12 104 ზარი. სახალხო დამცველმა სახელმწიფო უწყებებს 74 რეკომენდაციითა და წინადადებით მიმართა.
„2022 წლის განმავლობაში, სახალხო დამცველის მიერ მომზადდა 24 სპეციალური და 3 ალტერნატიული ანგარიში, რომელიც საერთაშორისო ორგანოებს წარედგინა, მომზადდა 21 საკონსტიტუციო სარჩელი; 20 „სასამართლო მეგობრის“ მოსაზრება; 1 „სასამართლო მეგობრის“ მოსაზრება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსთვის. ასევე 5 კომუნიკაცია ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტისთვის“, – განაცხადა მომხსენებელმა.
ლევან იოსელიანის ინფორმაციით, უფლებადარღვევებისა და გამოწვევების იდენტიფიცირების მიზნით, სახალხო დამცველის აპარატმა სხვადასხვა დაწესებულებაში არაერთი ვიზიტი განახორციელა. სახალხო დამცველმა ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით გამოკვეთილ იმ ტენდენციებზე ისაუბრა, რაც ხელისუფლების მხრიდან სათანადო და დროულ რეაგირებას საჭიროებდა. სახალხო დამცველმა მიმოიხილა პენიტენციურ დაწესებულებებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში, ფსიქიატრიულ დაწესებულებებში, ფსიქიკური ჯანმრთელობის მქონე პირთა თავშესაფრებსა და საცხოვრისებში გამოვლენილი არასათანადო მოპყრობის შემთხვევები. ისაუბრა საანგარიშო პერიოდში თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლების დარღვევის კუთხით არსებულ გამოწვევებზე. სამართლიანი სასამართლოს უფლებაზე საუბრისას, ლევან იოსელიანმა აღნიშნა, მართლმსაჯულების სისტემაში შენარჩუნებულია ხარვეზები, როგორც საკანონმდებლო, ისე ინსტიტუციურ დონეზე.
მისივე ინფორმაციით, უმნიშვნელოვანეს გამოწვევას წარმოადგენს პენიტენციურ დაწესებულებებში არსებული მდგომარეობა.
„2022 წელსაც კვლავ სერიოზულ გამოწვევად რჩება დახურულ დაწესებულებებში პატიმართა დეესკალაციის ოთახებსა და სამარტოო საკნებში ხანგრძლივად მოთავსების მანკიერი პრაქტიკა. ასევე, პრობლემურია პატიმრებისათვის სომატური და ფსიქიატრიული ჯანდაცვის სერვისების ხელმიუწვდომლობა ან მათზე შეზღუდული წვდომა“, – განაცხადა სახალხო დამცველმა, თუმცა აღნიშნა, რომ დადებითი ცვლილებებია განხორციელებული პატიმართა გათავისუფლების საკითხთან დაკავშირებით.
სახალხო დამცველმა გამოწვევად დაასახელა დიდი ზომის დახურული დაწესებულებების დეინსტიტუციონალიზაციის პროცესი, რომელიც პრობლემურია როგორც ფსიქიატრიული დაწესებულებების, ისე დიდი ზომის ბავშვთა და შშმ პირთა დაწესებულებების შემთხვევაში თუმცა, აღნიშნა ისიც, რომ უკვე დასრულებულია თბილისის ჩვილ ბავშვთა სახლის და დაწყებულია ფსიქიატრიული დაწესებულებების და დიდი ზომის ბავშვთა რეზიდენტული დაწესებულებების დეინსტიტუციონალიზაციის პროცესი. გენდერულ თანასწორობაზე საუბრისას ლევან იოსელიანმა აღნიშნა, რომ წლების განმავლობაში ნარჩუნდება გენდერული ნიშნით მოტივირებული ქალთა მკვლელობების კუთხით არსებული გამოწვევები. გაზრდილია ქალთა მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობის შემთხვევები. მანვე აღნიშნა, რომ გენდერული თანასწორობის კონტექსტში, საკანონმდებლო დონეზე განხორციელდა მნიშვნელოვანი ცვლილებები. მისი თქმით, დადებითი ცვლილება იყო ისიც, რომ ამოქმედდა ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლისათვის გასაცემი კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის წესი. სახალხო დამცველის თქმით, სიღარიბე კვლავ რჩება ერთ-ერთ უმთავრეს გამოწვევად და ქვეყანაში მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა ადამიანთა უფლებრივ მდგომარეობაზე უარყოფით გავლენას ახდენს. მომხსენებელმა იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებაც ისაუბრა. ყურადღება გაამახვილა ოკუპირებულ ტერიტორიებზე, მოქალაქეთა უკანონო დაკავებასა და არასათანადო მოპყრობის პრაქტიკაზე. მან, ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევად ოკუპირებულ რეგიონებში მშობლიურ ენაზე განათლების ხელმისაწვდომობის საკითხი დაასახელა. მისი თქმით, კვლავ გამოწვევად რჩება ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელთა განათლების უფლებაზე ხელმისაწვდომობაც. ჯანმრთელობის უფლების ჭრილში საუბრისას, ლევან იოსელიანმა აღნიშნა, რომ ძლიერი, მდგრადი პირველადი ჯანდაცვის სისტემა მოსახლეობის ჯანმრთელობის უფლების დასაცავად მთავარი ფაქტორია. მისი თქმით, საქართველოში პირველადი ჯანდაცვის სისტემის გამოწვევად მიჩნეულია ექთნების დეფიციტი, ძველი ინფრასტრუქტურა, სუსტი კავშირები სოფლის ექიმებსა და სხვა სპეციალისტებს შორის.
სახალხო დამცველმა ამ მიმართულებით მიღწეულ პროგრესზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მაღალმთიან რეგიონებში ამოქმედდა დიალიზისა და თირკმლის ტრანსპლანტაციის სახელმწიფო პროგრამა. ანგარიშის წარდგენის შემდეგ სხდომა კითხვა-პასუხის და დეპუტატების განცხადებების ფორმატში წარიმართა.