შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული მამუკა საღარეიშვილი კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემოჭალაში, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ზაზა გახელაძის ოჯახის წევრებს შეხვდა. რწმუნებულის თქმით, სახელმწიფოს მხრიდან ყველაფერი კეთდება, რათა უკანონო პატიმრობაში მყოფი ზაზა გახელაძე დაუბრუნდეს საკუთარ ოჯახს.
“ზაზა გახელაძის მიმართ ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლოს მიერ მიღებულია სრულიად უკანანო გადაწყვეტილება. გადაწყვეტილების უსამართლობა კიდევ უფრო თვალსაჩინოა ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების ფონზე. ჩვენი მოქალაქეების უკანონო დაკავებები უმწვავეს გამოწვევად რჩება.“ – აღნიშნა საღარეიშვილმა.
ზაზა გახელაძის უკანონო პატიმრობის პირველივე დღიდან, ცენტრალური ხელისუფლება იყენებს ყველა არსებულ მექანიზმს. საოკუპაციო ძალების მხრიდან განხორციელებულ ძალადობრივ და უკანონო ქმედებებთან დაკავშირებით საერთაშორისო თანამეგობრობამ არაერთგზის დააფიქსირა კონსოლიდირებული პოზიცია და დაგმო დანაშაულებრივი პრაქტიკა, რასაც საოკუპაციო ძალები მიზანმიმართულად ამკვიდრებენ საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე ტერიტორიებზე.