მამუკა ბახტაძე KfW-ის აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის ხელმძღვანელს შეხვდა

20/03/2018

გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) მხარდაჭერით საქართველოში მიმდინარე პროექტები და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ და KfW-ის აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ოლაფ ზიმელკამ 20 მარტს ფინანსთა სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე.
ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ კიდევ ერთხელ, ხაზი გაუსვა საქართველოსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის წარმატებული და ეფექტური თანამშრომლობის მნიშვნელობას როგორც ფინანსური, ისე პოლიტიკური მხარდაჭერის კუთხით – განსაკუთრებით, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საიმედო მხარდაჭერას ევროკავშირთან საქართველოს თანამშრომლობის გაღრმავების მიმართულებით.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკი ორ ქვეყანას შორის განვითარების სფეროში მიღწეული თანამშრომლობის ფარგლებში, მომავალშიც გააგრძელებს ქვეყნის მხარდაჭერას ისეთ მნიშვნელოვან სექტორებში როგორიცაა: გარემო და ენერგეტიკა, მათ შორის, ენერგოეფექტურობის მიმართულება, ურბანული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარება, დევნილთა საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება, სამოქალაქო საზოგადოება და საჯარო ადმინისტრირება.
შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა გამოთქვეს იმედი, რომ გერმანიასთან, როგორც საქართველოს განვითარების წამყვან პარტნიორთან, შემდგომი თანამშრომლობა კვლავ ნაყოფიერი იქნება და KfW-ის მხარდაჭერით დაფინანსებული პროექტები ქვეყნის მნიშვნელოვანი მიმართულებების განვითარებას მოხმარდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0