მამუკა ბახტაძე ყველა სამინისტროს საქმიანობაში ერევა და ყველა მათგანის პრობლემებს იცნობს

24/07/2018

პრემიერი აკეთებს თავის საქმეს და არ იფიქროს საზოგადოებამ და არც ჟურნალისტებს გქონდეთ განცდა, რომ ყველა საქმეს მე ვაკეთებ და ყველა გადაწყვეტილებას მე ვიღებ – ღმერთმა დაგვიფაროს ასეთი მმართველობისგან, – ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა.ივანიშვილმა ახალი მთავრობა შეაფასა და აღნიშნა, რომ წინა პრემიერისგან განსხვავებით, მამუკა ბახტაძე ყველა სამინისტროს საქმიანობაში ერევა და ყველა მათგანის პრობლემებს იცნობს.

„პრემიერ-მინისტრის არჩევაში, რა თქმა უნდა, მე მქონდა როლი და წვლილი და მიმაჩნია, რომ ის კომპეტენტურია, რომ გაუძღვეს დღევანდელ მთავრობას. როგორც ფინანსთა მინისტრის რანგში მან ბევრი კარგი პროექტი შემოიტანა და ინოვაციური წინადადებები ჰქონდა, რაც ინერგება და რისი აღსრულების პროცესიც მიდის. სხვა დანარჩენი ალბათ, უფრო გვიან უნდა შევაფასოთ, რამდენად სწორი შერჩეული და დაკომპლექტებულია მთავრობა. რაც შეეხება ძირითადს და განსხვავებულს წინა ხელისუფლებისგან, რაც მან ამ მოკლე პროცესში დაიწყო და აგრძელებს, რომ მაქსიმალურად უნდა ჰქონდეს ახალ ხელისუფლებას ურთიერთობა პარლამენტთან. ჩვენ ვართ საპარლამენტო რესპუბლიკა და ეს არ უნდა დაგვავიწყდეს. აი, მარგველაშვილსაც შეახსენეთ ეს, სულ რომ სააკაშვილს უნდა შეედაროს ხელისუფლების სიჭარბით. ჩვენ ვართ საპარლამენტო რესპუბლიკა, ჩვენ გვაქვს ასეთი კონსტიტუცია, ძირითადი ტრიბუნა უნდა იყოს პარლამენტი. პარლამენტის წინაშე უნდა იყოს ანგარიშვალდებული მთავრობა და პრემიერ-მინისტრი და არის კიდეც. ხშირი ურთიერთობა უნდა იყოს, პარლამენტი უნდა იყოს ჩართული პროცესში, გარდა იმისა, რომ გუნდის დიდი ნაწილი პარლამენტს წარმოადგენს. და აი, ეს პროცესი ახალმა გუნდმა როგორც დაიწყო, ისე უნდა გააგრძელოს და იმედი მაქვს, ამას მოახერხებენ. ასევე მნიშვნელოვანია გუნდურობა. მამუკა ბახტაძე მოწოდებულია ყველა სამინისტროში ჩაერიოს, ყველა სამინისტროს პრობლემები გაიგოს, დაეხმაროს, გაიაროს კონსულტაციები, რაც არ ხდებოდა, სამწუხაროდ, კვირიკაშვილის დროს. ინერტულობა იყო ძალიან დიდი, გადაწყვეტილებები მიიღებოდა ძალიან მძიმედ და ძალიან ხშირად პრემიერი საქმის კურსში არ იყო თითოეულ სამინისტროში რა ხდებოდა.
ჩვენ გვყავს სამი ახალი მინისტრი. მე შევხვდი ქობალიას მისი სურვილით და გავიცანი. ორ მინისტრს არ ვიცნობ – მაჭავარიანს და ბატიაშვილს, მგონია, რომ მომავალში მოვახერხებ და გავიცნობ. ესეც ნორმალური შემთხვევაა. პრემიერი აკეთებს თავის საქმეს და არ იფიქროს საზოგადოებამ და არც ჟურნალისტებს გქონდეთ განცდა, რომ ყველა საქმეს მე ვაკეთებ და ყველა გადაწყვეტილებას მე ვიღებ – ღმერთმა დაგვიფაროს ასეთი მმართველობისგან. ასეთი კაცი ჩვენ გვყავდა და კარგად გახსოვთ ალბათ, უახლოს წარსულში, რომ მსახიობებსაც ირჩევდა, არქიტექტურასაც ის ირჩევდა, რეჟისურასაც ახერხებდა, მუსიკასაც წერდა, ყველაფერს აკეთებდა ეს კაცი. ღმერთმა დაგვიფაროს ასეთი კაცისგან. კომპეტენცია ჰყოფნის მამუკა ბახტაძეს. მთავრობა მისი შერჩეულია, გარკვეული კონსულტაცია ჰქონდა ჩემთან, ეს ნორმალურია და არა ის, რომ მე ვირჩევდი. მას მისი კომპეტენციის ფარგლებში ჰქონდა ამის საშუალება და გააკეთა კიდეც. ბახტაძე იქნება პრემიერ-მინისტრი და მე ვიქნები პარტიის თავმჯდომარე, აი სწორედ ასე განვითარდება“, – განაცხადა ივანიშვილმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0