ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე მონტენეგროს საგარეო საქმეთა მინისტრს, სრჯან დარმანოვიჩს შეხვდა, რომელიც საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყნებს შორის არსებული ურთიერთობა განიხილეს და თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივაზე ისაუბრეს. მამუკა ბახტაძემ სტუმარს გააცნო ქვეყანის ეკონომიკაში არსებული მდგომარეობა, ქვეყნის საინვესტიციო შესაძლებლობები და ბიზნესგარემო, მთავრობის მიერ განხორციელებული და დაგეგმილი რეფორმები.
ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვის გაუმჯობესების, ტურისტული და საინვესტიციო პოტენციალის გამოყენების მნიშვნელობას, რასაც ხელს შეუწყობს საქართველოში მონტენეგროს საპატიო საკონსულოს გახსნა.
მინისტრებმა აღნიშნეს, რომ ორ ქვეყანას შორის არსებული უვიზო რეჟიმი, ასევე, ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის ტურისტული და საინვესტიციო ნაკადების გაზრდას. საუბარი შეეხო იმ შესაძლებლობებს, რომელიც საქართველოს აქვს ევროკავშირთან და ჩინეთთან არსებული თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე.
მამუკა ბახტაძე მონტენეგროს საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
13/06/2018