მამუკა ბახტაძე ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მმართველ დირექტორს შეხვდა

07/11/2018

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მმართველ დირექტორს აღმოსავლეთ ევროპასა და კავკასიაში, მატეო პატრონეს შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო იმ სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტებს, რომლებიც საქართველოში EBRD-ის ჩართულობით ხორციელდება. აღინიშნა, რომ EBRD საქართველოს არა მხოლოდ ფინანსური პარტნიორია, არამედ წლების განმავლობაში მხარს უჭერს და ხელს უწყობს ქვეყნის სწორ ეკონომიკურ პოლიტიკას.
საუბრისას განიხილეს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის საკითხი, ისაუბრეს პროექტის სტრატეგიულ მნიშვნელობასა და აღნიშნულ პროექტში მთავრობის ჩართულობასთან დაკავშირებით. აღინიშნა, რომ ანაკლიის პორტის პროექტი მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთლიანად რეგიონისთვის; სამომავლოდ ის გეოპოლიტიკური კუთხით კონტინენტურ მნიშვნელობას შეიძენს.
შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო ასევე საქართველოში საერთაშორისო სავაჭრო პალატის არბიტრაჟის დაფუძნების საკითხს და მის მნიშვნელობას ქვეყანაში უცხოური ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დირექტორი სამხრეთ კავკასიაში, ბრუნო ბალვანერა და საქართველოს ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი ესწრებოდნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0