საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მოსახლეობას ღვთისმშობლის კვართის დღესასწაული – ვლაქერნობა მიულოცა. მთავრობის მეთაური დღეს ზუგდიდში ივერიის ღვთისმშობლის საკათედრო ტაძარში საზეიმო წირვას დაესწრო, რომელიც ვლაქერნობის დღესასწაულთან დაკავშირებით, პატრიარქის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ ზუგდიდისა და ცაიშის ეპისკოპოს გერასიმესთან ერთად აღავლინა. “ჩემთვის განსაკუთრებული სიხარულია დღეს თქვენ გვერდით ყოფნა. დღეს ჩვენ აღვნიშნავთ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის პატიოსანი სამოსელის დღეს და ყველა ქრისტიანისთვის უდიდესი დღესასწაულია.
მინდა, ყველა ქრისტიანს, ყველა მართლმადიდებელს მივულოცო დღევანდელი დღე, მინდა მივულოცო ზუგდიდის და სამეგრელოს მოსახლეობას, განსაკუთრებით ჩვენს მოქალაქეებს აფხაზეთიდან. ვიცი, რომ ბევრი მათგანი დღეს აქ არის ჩვენს გვერდით. საქართველო არის ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა და დღევანდელი დღე განსაკუთრებით ემოციურია ყველა ქართველისთვის. ძალიან რთულია, ენით აღწერო ის ემოცია, როდესაც ახლა აქ თქვენთან ერთად ვდგავარ და ამ ყველაფერს აღვიქვამ.
ვიცი, რომ აქ იმყოფებიან მომლოცველები სხვადასხვა ქვეყნიდან. მსურს, კიდევ ერთხელ მივულოცო ყველა ქრისტიანს, ყველა მართლმადიდებელს და ვუსურვო მშვიდობა და კეთილდღეობა. ღმერთი იყოს საქართველოს მფარველი”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. მთავრობის მეთაური სადღესასწაულო წირვას შინაგან საქმეთა და თავდაცვის მინისტრებთან ერთად დაესწრო. ზუგდიდისა და ცაიშის ეპისკოპოსმა გერასიმემ, მამუკა ბახტაძეს, გიორგი გახარიასა და ლევან იზორიას საჩუქრად ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხელთუქმნელი კვართის ხატები გადასცა. ვლაქერნობის დღესასწაულის აღნიშვნა 1990 წლიდან სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევით აღდგა და ყოველი წლის 15 ივლისს ტარდება.
მამუკა ბახტაძემ მოსახლეობას ღვთისმშობლის კვართის დღესასწაული – ვლაქერნობა მიულოცა
15/07/2018