მამუკა ბახტაძემ კრისტინ ლაგარდს უმასპინძლა

20/05/2019

საერთაშორისო სავალუტო ფონდი ცალსახად დადებითად აფასებს საქართველოში მიმდინარე რეფორმებს და იმ პროგრამას, რომელიც ფონდის ხელშეწყობით მიმდინარეობს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის კრისტინ ლაგარდის შეხვედრისას აღინიშნა. მთავრობის მეთაურმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველ დირექტორს საქართველოში ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ეს სსფ-ის ძლიერი მხარდაჭერის კიდევ ერთი მკაფიო დადასტურებაა. ხაზი გაესვა „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის” (EFF) პროგრამის თანხვედრას საქართველოს მთავრობის რეფორმების გეგმასთან. პრემიერ-მინისტრი კრისტინ ლაგარდს ესაუბრა ქვეყანაში მიმდინარე კომპლექსური რეფორმების შესახებ, მათ შორის განათლების მიმართულებით, რომელიც განათლების ხარისხის გაუმჯობესებასა და ადამიანური კაპიტალის განვითარებას ისახავს მიზნად. პირისპირ შეხვედრის შემდეგ, მოლაპარაკებები გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდა. ყურადღება გამახვილდა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ მხარდაჭერილი რეფორმების მნიშვნელობაზე, რომელთა შედეგად საქართველოს ეკონომიკა საგარეო შოკების მიმართ უფრო მდგრადი გახდა. აღინიშნა, რომ ამ ფაქტს ადასტურებს მაღალი ეკონომიკური ზრდის შენარჩუნება რეგიონში განვითარებული პროცესების მიუხედავად. კრისტინ ლაგარდმა განსაკუთრებით პოზიტიურად შეაფასა საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული რეფორმები, მათ შორის განათლებისა და ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფის მიმართულებით.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველმა დირექტორმა აღნიშნა, რომ ფონდი მომავალშიც განაგრძობს საქართველოსა და მთავრობის მხარდაჭერას იმ რეფორმების განხორციელებაში, რომელიც საქართველოს მაკროეკონომიკური მდგრადობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფას შეუწყობს ხელს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0