მაისი – ივნისში ბათუმში ფრენებს ყაზახური, პოლონური, უკრაინული და არაბული ავიაკომპანიები განაახლებენ

15/05/2021

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, მაისი – ივნისში ბათუმში ფრენებს ყაზახური, პოლონური, უკრაინული და არაბული ავიაკომპანიები განაახლებენ. ბათუმის განახლებულ საერთაშორისო აეროპორტში დღეს პირველი რეისი შეასრულა ყაზახურმა ავიაკომპანიამ „ეარ ასტანა“, რომელმაც რეგულარული რეისების შესრულება განაახლა ალმათი – ბათუმი – ალმათის მიმართულებით. პირველ რეისს 115 მგზავრი ჩამოყვა. ფრენები კვირაში 3 სიხშირით – ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათს და შაბათს შესრულდება.

„ყაზახეთი საქართველოს ტურიზმისთვის ერთ-ერთი ყველაზე მზარდი მიმართულებაა. 2019 წელს ამ ქვეყნიდან 103,611 ვიზიტორს უმასპინძლა და ზრდამ წინა წელთან შედარებით 75.7 პროცენტი შეადგინა. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ჩვენი სტუმრები ყაზახეთიდან უსაფრთხოდ შეძლებენ საქართველოში, მათ შორის, აჭარაში დასვენებას. საქართველოს ტურისტული სექტორი მზადაა, კოვიდ-რეგულაციების მკაცრი დაცვით მოემსახუროს ვიზიტორებს,“ – აღნიშნა მინისტრმა.

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი უკვე 17 მაისიდან მიიღებს პირველ რეისს საუდის არაბეთიდან. ავიაკომპანია Flynas-ი საქართველოს მიმართულებით რეგულარულ ოპერირებას განაახლებს და თბილისთან ერთად, საქართველოში საუდის არაბეთიდან ტურისტებს ბათუმშიც ჩამოიყვანს. ივნისიდან ბათუმში რეგულარულ ფრენებს შეასრულებენ ავიაკომპანია LOT Polish Airlines-ი ვარშავა – ბათუმი – ვარშავის და ავიაკომპანია Ukraine International Airlines კიევი – ბათუმი – კიევის მიმართულებით.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0