მაია ცქიტიშვილმა და ევროკომისიის დელეგაციამ თანამშრომლობის მიმართულებები განიხილეს

30/01/2019

საქართველოს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, ევროკომისიის ტრანსპორტისა და მობილობის გენერალური დირექტორის ჰენრიკ ჰოლოლეის ხელმძღვანელობით, ევროკომისიის დელეგაციას შეხვდა. მხარეებმა თანამშრომლობის არსებულ და ახალ მიმართულებებზე ისაუბრეს.

„ბევრ თემაზე ვისაუბრეთ და არ იყო მოულოდნელი, რომ ჩვენი ხედვები ძირითად პრიორიტეტებზე, თანხვედრაშია. ევროკავშირმა ცოტა ხნის წინ დაამტკიცა ტრანსპორტის საინვესტიციო გეგმა, რომელიც 18 მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტს მოიცავს და მათ დიდი ნაწილს ინფრასტრუქტურის სამინისტრო ახორციელებს. ამ პროექტების გარდა, განვიხილეთ სხვადასხვა საკითხი, მათ შორის – ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტისა და ქუთაისის ლოგისტიკური ცენტრის მშენებლობა, ახალი ტექნოლოგიების დანერგვისა და გზებზე უსაფრთხოების გაუმჯობესების მნიშვნელობა. რაც ამ პროექტებს აერთიანებს, ესაა რეგიონებში ახალი შესაძლებლობებისა და სამუშაო ადგილების გაჩენა, ეს კი მთლიაობაში უზრუნველყოფს ქვეყნის კონკურენტუნარიანობის გაზრდას მსოფლიო ეკონომიკურ რუკაზე“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

ევროკომისიის დელეგაციასთან შეხვედრაში, მინისტრთან ერთად, მაია ცქიტიშვილის მოადგილეები – ირაკლი ქარსელაძე და მზია გიორგობიანი მონაწილეობდნენ.

„განვიხილეთ საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის საკითხები, მათ შორის სატრანსპორტო და ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით. ასევე განვსაზღვრეთ თანამშრომლობის ახალი სფეროები. ჩვენ ვაფართოვებთ ტრანს-ევროპულ სატრანსპორტო ქსელს და ამ თვალსაზრისით დიდი პოტენციალი არსებობს, რომ ორ მხარეს შორის ინტენსიური კავშირები კიდევ უფრო გაღრმავდეს“, – განაცხადა ჰენრიკ ჰოლოლეიმ.

ჰენრიკ ჰოლოლეიმ, საპატიო სტუმრის სტატუსით, პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან ერთად, თბილისში ეკონომიკური კონფერენცია გახსნა, მოგვიანებით კი ევროკავშირ-საქართველოს მაღალი დონის ტრანსპორტის დიალოგის სხდომაში მიიღო მონაწილეობა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0