მაია ცქიტიშვილი უკრაინის პრემიერ-მინისტრს შეხვდა

23/11/2019

საქართველოს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი ლონდონში, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) აღმოსავლეთ პარტნიორობის საინვესტიციო სამიტის ფარგლებში, უკრაინის პრემიერ-მინისტრ ალექსი გონჩარუკს შეხვდა. საუბრისას ხაზი გაესვა ორმხრივი თანამშრომლობის კიდევ უფრო გააქტიურებას, მათ შორის ეკონომიკურ, ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სფეროებში. ასევე, აღინიშნა ორმხრივი ვაჭრობის გაზრდის კუთხით არსებული შესაძლებლობები და ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯების გადადგმის მნიშვნელობა.
მხარეებმა განიხილეს ორი ქვეყნის ბიზნესებს შორის კონტაქტების ეფექტურობის გაზრდის აუცილებლობა. შედგა შეთანხმება, რომ შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც ხელს შეუწყობს, როგორც ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების, ისე ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას. შეხვედრისას, საუბარი ასევე შეეხო ევროპული ინტეგრაციის გზაზე საქართველოს წარმატებული გამოცდილების გაზიარებას და ამ მიმართულებით განხორციელებულ რეფორმებს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0