მაია ცქიტიშვილი საქართველოში ევროკავშირის ელჩს შეხვდა

07/02/2020

ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი საქართველოში ევროკავშირის ელჩს კარლ ჰარცელს შეხვდა. მხარეებმა ევროპული საფინანსო ინსტიტუტების დახმარებით განხორციელებული და მიმდინარე პროექტები განიხილეს. დეცენტრალიზაციისა და რეგიონული განვითარების კონტექსტში საუბარი შეეხო ადგილობრივ თვითმმართველობებში კომპეტენციის გაძლიერების მნიშვნელობას. ევროკავშირის მხარდაჭერით, ინტეგრირებული რეგიონული განვითარების საპილოტე პროგრამები იმერეთში, გურიში, კახეთსა და რაჭაში ხორციელდება. საპილოტე რეგიონების დაფინანსების დიდი ნაწილი მიიმართება რეგიონული ცენტრების ეკონომიკური, კულტურული და სოციალური როლისა და ფუნქციების გაძლიერებისათვის, ახალი ურბანული მიზიდულობის კერების ჩამოყალიბების, ასევე ყოფილი სამრეწველო, ინდუსტრიული ქალაქებისა და აუთვისებელი ტერიტორიების განახლებისათვის. ამავდროულად, პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება ინფრასტრუქტურის მოწესრიგების, ბიზნესების განვითარებისა და ახალი უნარების შეძენისთვის საჭირო სხვადასხვა სახის ღონისძიება.
პროგრამის ხედვა ეფუძნება ევროკავშირის რეგიონული განვითარების პოლიტიკის უახლეს მიდგომებს, რაც გულისხმობს ტერიტორიაზე მორგებული ურთიერთდაკავშირებული ღონისძიებების ეფექტიან დაგეგმვასა და განხორციელებას.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0