მაია ცქიტიშვილი, ლანჩხუთში რამდენიმე მიმდინარე პროექტს ადგილზე გაეცნო

27/11/2018

საქართველოს ვიცე – პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, ლანჩხუთის, ჩოხატაურის მაჟორიტარ დეპუტატ ნინო წილოსანთან, გურიის გუბერნატორ ზურაბ ნასარაიასთან და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, ლანჩხუთში რამდენიმე მიმდინარე პროექტს ადგილზე გაეცნო და მოსახლეობას 2019 წელს რეგიონში დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები გააცნო.
ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოინახულეს ლანჩხუთის ბავშვთა საფეხბურთო აკადემიის სამშენებლო სამუშაოები, რომელიც ფინანსდება რეგიონული განვითარების ფონდიდან. სამუშაოების დასრულების შემდეგ აკადემია 50 – 60 ბავშვს მოემსახურება. აკადემიის ეზოში დაგეგმილია სტადიონის მშენებლობა, რაც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დახმარებით განხორციელდება.
მინისტრი მოსახლეობასაც გაესაუბრა, მოისმინა მათი საჭიროებები, უპასუხა მათ კითხვებს და გააცნო ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში 2019 წელს დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები. მისი ინფორმაციით, მუნიციპალიტეტში განხორციელდება წყალმომარაგების 2 პროექტი (ლესის და ჯურუყვეთის ადმინისტრაციულ ერთეულში წყალმომარაგების ქსელის მოწყობა – რეაბილიტაციისა და ქალაქ ლანჩხუთის წყალსადენის ქსელის გაფართოების მესამე ეტაპის სამუშაოები); აშენდება სკოლები სოფელ ჩოჩხათსა და ლესაში; არსებულ სკოლებს ჩაუტარდებათ რეაბილიტაცია; მუნიციპალიტეტის სამ სოფელში (ტაბანათში, ხაჯალიაში, აცანაში) აშენდება საბავშვო ბაღები, რომლებიც სულ 400 აღსაზრდელს მოემსახურება, ხოლო საგზაო ინფრასტუქტურის მოწესრიგების კუთხით, მუნიციპალიტეტში განხორციელდება 45 მილიონ ლარის 9 პროექტი, მათ შორის, სახიდე გადასასვლელების მოწყობა, ნაპირსამაგრი სამუშაოები, ნინოშვილის სახლ – მუზეუმთან მისასვლელი გზის აღდგენა, გზებისა და საფეხმავლო ბილიკების, გარე განათების მოწყობა. ასევე, 15 სოფელში (აცანა, ნიგვზიანი, აკეთი, ჩიბათი, ღრმაღელე, სუფსა, ჯურუყვეთი, ქვიანი, ნიგოითი, შუხუთი, გვიმბალაური, ჩოჩხათი, ლანჩხუთი, ნინოშვილი, ლესა) მოეწყობა ამბულატორიები.
ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მხარის გუბერნატორთან და მაჟორიტარ დეპუტატთან ერთად, ეგნატე ნინოშვილის სახლ – მუზეუმი დაათვალიერა და ჯიხეთის დედათა მონასტერთან მისასვლელი გზის დასრულებული სამუშაოებიც მოინახულა. გზის პროექტის ღირებულებამ 991 873 ლარი შეადგინა. სამუშაოები აგვისტოში დაიწყო და 20 ნოემბერს დასრულდა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0