საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილემ მაია ბითაძემ, თავჯდომარის რანგში, მონაწილეობა მიიღო ორჰუსის კონვენციის მხარეთა შეხვედრის ბიუროს 37-ე შეხვედრაში.
აღნიშნულ შეხვედრაზე მონაწილეებმა, თავჯდომარის მოწოდებით, განიხილეს ორჰუსის კონვენციის სამდივნოს დაფინანსების საკითხი, რასაც დიდი მნიშვნელობა ენიჭება ორჰუსის კონვენციის მიზნების მიღწევისათვის ეფექტიანი ღონისძიებების გასატარებლად.
შეხვედრის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო გარემოსდაცვითი ინფორმაციის საზოგადოებისათვის მიწოდების თანამედროვე და ელექტრონული საშუალებების გამოყენებას. აქვე აღინიშნა, რომ გარემოსდაცვითი ინფორმაციის ეფექტიანი მიწოდების გარეშე ვერ მოხდება საზოგადოების გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებების პროცესში ეფექტიანი მონაწილეობის უზრუნველყოფა. ამ უკანასკნელთან დაკავშირებით, ასევე, აღინიშნა საზოგადოების ცნობიერების ამაღლების საჭიროება საზოგადოების ამ კუთხით გააქტიურების მიზნით.
შეხვედრაზე შემუშავებულ და განსაზღვრულ იქნა იმ დოკუმენტების ტექსტები და ის საკითხები, რომელთა განხილვაც მოხდება მხარეთა სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე, რომლის ფარგლებშიც, თავის მხრივ, უნდა მომზადდეს მხარეთა მე-6 შეხვედრის დღისწერიგი და ამ შეხვედრაზე განსახილველი საკითხები.
შეხვედრის ფარგლებში, ასევე, იმსჯელეს ორჰუსის კონვენციაზე, როგორც თანამედროვე გარემოსდაცვითი მმართველობის კუთხით უმნიშვნელოვანეს საერთაშორისო ინტრუმენტზე, რომლის საფუძველზეც ნაკისრი ვალდებულებების მხარეთა მიერ სრულ შესრულებას უდიდესი როლი შეუძლია ითამაშოს ადამიანის გარემოსდაცვითი უფლებების რეალიზების კუთხით. ასევე, აღინიშნა ორჰუსის კონვენციის განსაკუთრებული როლი მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევისათვის.
მაია ბითაძის თავჯდომარეობით ორჰუსის კონვენციის მხარეთა შეხვედრის ბიუროს 37-ე შეხვედრა გაიმართა
01/03/2016