მათი ტყუილები 4 წლის განმავლობაში სრულიად ცალსახად უკვე ყველამ იცის

19/09/2016

საზოგადოებამ უკვე იცის, რომ ”ქართული ოცნება” არის ქართული ტყუილი, – ასე გამოეხმაურა ”ნაციონალური მოძრაობის” წევრი სერგო რატიანი ”ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივნის ირკალი კობახიძის მიერ დღეს გამართულ პრესკონფერენციას, რომელზეც „ქართულმა ოცნებამ“ „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები მათ საარჩევნო შტაბში იარაღით შესვლასა და პროვოკაციის მოწყობაში დაადანაშაულა. სერგო რატიანი ”ქართული ოცნების” წარმომადგენლებს ურჩევს, რომ ნერვები დაიწყნარონ და პროცესებს ნორმალურად შეხედონ.

”მესმის, რომ როდესაც სახელისუფლებო პარტია აგებს არჩევნებს და ფაქტობრივად, ჩამოშლის პირასაა, მესმის, რომ მის აღმასრულებელ მდივანს საკმაოდ სერიოზული პრობლემები აქვს და ალბათ, ფსიქიკური აშლილობის ზღვარზეა, მაგრამ ამჯერად, მე მგონი საერთოდ გადაამეტეს. მათი ტყუილები 4 წლის განმავლობაში სრულიად ცალსახად უკვე ყველამ იცის, რაც არის, მაგრამ ეს უკვე კობახიძისითვისაც კი ნამეტანი იყო. ვურჩევდი, რომ ნერვები დაიწყნარონ და ნორმალურად შეხედონ პროცესებს. ასეთი ტუილებით ისინი 4 წლის განმავლობაში კვებავდნენ ადამიანებს და თავის დანაშაულებებს სხვას აბრალებდნენ”, – განაცხადა რატიანმა.

რაც შეეხება კონკრეტულ ბრალდებებს, რომ ”ქართული ოცნების” შტაბში შესული პირებიდან 2 მათგანი ”ნაციონალური მოძრაობის” წევრის სევდია უგრეხელიძის შტაბის წევრები არიან, სერგო რატიანის განცხადებით, ”ქართული ოცნების” წარმომადგენლების ტყუილებს საზღვარი არ აქვს.

”ქართულმა საზოგადოებამ უკვე იცის, რომ ”ქართული ოცნება” არის ქართული ტყუილი”, – განაცხადა რატიანმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0