მადლობას ვუხდი პარტიის თავმჯდომარეს, რომელიც ყველაფერს აკეთებს, რათა გუნდი გაერთიანდეს

25/01/2019

თბილისის მერი კახა კალაძე მადლობას უხდის პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს, რომელიც საპარლამენტო უმრავლესობის შეხვედრებში პირადად მონაწილეობს და გუნდის გასაერთიანებლად ყველაფერს აკეთებს.
როგორც კალაძემ განაცხადა, შეხვედრაზე ყველა იმ პრობლემურ საკითხზე მსჯელობენ, რომელიც ბოლო პერიოდში გუნდის შიგნით დაგროვდა.

„ალბათ, ხედავდით, ბოლო დროს როგორ ვითარდებოდა მოვლენები – იყო აზრთა სხვადასხვაობა კონკრეტულ საკითხებზე, იყო ისეთი განცხადებები თანაგუნდელების მიმართ, როგორიც ნამდვილად არ არის მისაღები და სასურველი. მსჯელობა მიმდინარეობს ყველა პრობლემურ საკითხზე. მე მივესალმები ამ შეხვედრას. ასევე, მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო პარტიის თავმჯდომარეს, რადგან ის თავად მონაწილეობს ამ შეხვედრაში და ყველაფერს აკეთებს, რათა გუნდი გაერთიანდეს. ასევე, მადლობა მინდა გადავუხადო პარლამენტის თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს, რადგან მისი როლიც მნიშვნელოვანია, რათა პარლამენტში იყოს ერთსულოვნება, ერთიანი მიდგომები. ჩვენ შეიძლება, სხვადასხვა საკითხზე გვქონდეს განსხვავებული მოსაზრებები და ეს ნორმალურიც არის, ყველა ერთ აზრზე ვერ ვიქნებით, მაგრამ მსჯელობა უნდა მოხდეს გუნდის შიგნით. ასე რომ, მადლობა ბატონ ბიძინას და ბატონ ირაკლის ამ ჩართულობისთვის. ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ერთობა და ერთსულოვნება შენარჩუნებული იყოს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0