ლიტერატურული კონკურსი „ოდეონი 2016″ და სამხატვრო პლენერი „გამა” ოფიციალურად გაიხსნა
დღეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ფარცხნალში ლიტერატურული კონკურსი „ოდეონი 2016″ და სამხატვრო პლენერი „გამა”დაიწყო. დღეს პროექტის ორგანიზატორმა იზა ვეფხვაძემ და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელმა კობა ლურსმანაშვილმა ლიტერატურულ კონკურსისა და სამხატვრო პლენერის მონაწილეებს სოფელ ფარცხნალში, გალაკტიონის ცაცხვის ძირში, საზეიმო შეხვედრა მოუწყვეს.
კონკურსის გახსნამდე ფარცხნალის მაცხოვრის სახელობის ეკლესიაში მამა ანტონმა (სულთანიშვილი) პროექტის მონაწილეები და სტუმრები დალოცა და მათ მარგვეთისა და უბისის ეპარქიის ეპისკოპოს მელქისედეკის (ხაჩიძე) ლოცვა-კურთხევა გადასცა.
„ოდეონისა“ და სამხატვრო პლენერ ,,გამას“ გახსნას დაესწრნენ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელი კობა ლურსმანაშვილი, საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგებელი მალხაზ ბაზაძე, ისრაელის დელეგაცია, მათ შორის, ქართველი ებრაელი, ისრაელში მცხოვრები პაატა იოსებაშვილი, ასევე ქართველი ებრაელი, მხატვარ–დიზაინერი მაქს შავიტი, ლეა შავიტი, იცხაკ დავიდი და სხვები.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელი, კობა ლურსმანაშვილი დღევანდელი დღის მონაწილეებს მიესალმა და ისრაელის დელეგაციის წევრებს მადლობის სიგელები და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა. ებრაელი მეგობრის მაქს მეირ შავიტის სახელოსნოში დამზადებული სიმბოლური ნაკეთობები გადაეცა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელს კობა ლურსმანაშვილს. მადლობის სიგელი გადაეცა იზა ვეფხვაძეს ნაყოფიერი მოღვაწეობისთვის და ხარაგაულის კულტურული ტრადიციებისა და თვითმყოფადობის სათანადოდ წარმოჩენისათვის.
„ოდეონისა“ და სამხატვრო პლენერ „გამას“ დროშები „ოდეონის“ ჰიმნის ფონზე აღიმართა. ლიტერატურული კოლნურსის თემად „სოფელი“ დასახელდა.
ლიტერატურულ კონკურსში, მთელი საქართველოს მასშტაბით, მონაწილეობას 27 მწერალი ღებულობს, მათ შორის არიან აფხაზეთისა და სამაჩაბლოს წარმომადგენლები. სამხატვრო პლენერში კი 28 ცნობილი მხატვარია ჩართული.
კონკურსზე გამოვლინდება საუკეთესო პროზაული და პოეტური ნაწარმოების ავტორები. შედეგები ივნისის შუა რიცხვებში გამოცხადება. გამარჯვებულებს 400-400 ლარი გადაეცემათ.
პლენერის მონაწილე მხატვრები ნამუშევრებს 24 საათის განმავლობაში შექმნიან და ხარაგაულის რეზო თაბუკაშვილის სახელობის სახალხო ლიტერატურულ თეატრს გადასცემენ. 28-29 მაისს ფარცხნალში შექმნილი ლიტერატურული ნამუშევრები და მხატვრული ტილოები წიგნად გამოიცემა.
პროექტების ორგანიზატორი რეზო თაბუკაშვილის სახელობის სახალხო ლიტერატურული თეატრი გახლავთ.
ლიტერატურული კონკურსი „ოდეონი 2016″ ოფიციალურად გაიხსნა
28/05/2016