საქართველოში სამუშაო ვიზიტად მყოფმა ლიეტუვის რესპუბლიკის სეიმის (პარლამენტის) ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის კომიტეტის დელეგაციის წევრებმა, საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაიასთან ერთად, დუშეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ოძისთან მდებარე საოკუპაციო ხაზი მოინახულეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა, ლიეტუველ კანონმდებლებს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების კუთხით არსებულ ვითარებასა და საოკუპაციო ძალების მიერ გატარებულ ქმედებებზე ინფორმაცია მიაწოდა.
„ლიეტუველ კანონმდებლებს შესაძლებლობა ჰქონდათ ადგილზე საკუთარი თვალით ენახათ თუ როგორია რუსეთის ოკუპაცია, ოკუპაციის მძიმე შედეგები, რაც ვლინდება ე.წ. უკანონო სასაზღვრო ინფრასტრუქტურის ჩაკეტილ გასასვლელებში, ხელოვნურ ბარიერებში, რაც ზღუდავს ჩვენი მოქალაქეების ფუნდამენტურ უფლებებს, მათ თავისუფალ გადაადგილებას და სხვა იმ მძიმე შედეგები, რაც მოიტანა რუსულმა ოკუპაციამ. ისინი გაეცნენ, თუ როგორია ერთი მხრივ, დღეს ისე როგორ არასდროს, საქართველოსთვის მშვიდობის მნიშვნელობა, როგორი არის პროვოკაციების და ნებისმიერი სახის ესკალაციის თავიდან აცილების მნიშვნელობა. მეორე მხრივ, რაოდენ აუცილებელია საქართველოსთვის უსაფრთხოების მყარი გარანტიების უზრუნველყოფა, რომლის ერთადერთი სწორი გზა საქართველოს ალიანსში ინტეგრაციაა. დღეს, საქართველოზე გადის ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოების ძალიან მნიშვნელოვანი ხაზი და მანამ სანამ საქართველო საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში არსებობს ოკუპირებული რეგიონები, ვერც შავი ზღვის, ვერც ევროპული და ვერც ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოება ვერ იქნება სრულფასოვნად უზრუნველყოფილი”, – განაცხადა ირაკლი ბერაიამ.
მისივე შეფასებით, აუცილებელია ალიანსის მოკავშირეებმა მიიღონ გონივრული, გაბედული გადაწყვეტილება და ქმედითი ნაბიჯები გადადგან საქართველოს ნატოში გაწევრიანების პროცესის დაჩქარების თვალსაზრისით. „საერთაშორისო საზოგადოებამ კიდევ უფრო უნდა გაზარდოს ზეწოლა რუსეთის ფედერაციაზე საქართველოში ოკუპირებული რეგიონების დეოკუპაციის მიზნით”, – აღნიშნა ირაკლი ბერაიამ.