ლია ჯახველაძე პროექტის „ახალგაზრდული ასამბლეა“ ფარგლებში გამართულ კონკურსში მონაწილე ახალგაზრდებს შეხვდა

12/08/2016

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ პროექტის „ახალგაზრდული ასამბლეა“ ფარგლებში გამართულ კონკურსში ელჩისა და დელეგატების სტატუსით მონაწილე ახალგაზრდებს უმასპინძლა.
შეხვედრას, რომელზეც ერთ-ერთმა კონკურსანტმა საკუთარი მოხსენება წარმოადგინა, აღნიშნული კონკურსის კომისიის წევრები : დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს დეპუტატი ლია ჯახველაძე, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გია გვაზავა და პროექტის ინიციატორი ა(ა)იპ „მრავალეროვანი საქართველო დემოკრატიული ღირებულებების განმტკიცებისათვის“ წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
მოხსენების შემდეგ შეხვედრა დისკუსიის ფორმატში გაგრძელდა. კონკურსანტებმა ახალგაზრდულ აქტუალურ თემებზე ინიციატივები წარმოადგინეს და მოხსენებასთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებები გამოთქვეს.
ლია ჯახველაძემ და გია გვაზავამ ახალგაზრდა დელეგატებს წარმატებები უსურვეს და აღნიშნეს, რომ საერთაშორისო პროგრამაში მონაწილეობა შერჩეულ კანდიდატებს შესაძლებლობას აძლევს დიდი წვლილი შეიტანონ საკუთარი ქვეყნის პოპულარიზაციაში.
აღნიშნულ კონკურსში გამარჯვებული ერთი კანდიდატი ახალგაზრდა ელჩის სტატუსით 23 აგვისტოს აშშ-ში, გაეროს მთავარ შტაბ-ბინაში გაემგზავრება და გაეროს ასამბლეაზე სიტყვით გამოვა.
შერჩეული ახალგაზრდა ელჩობის კანდიდატი ორგანიზაციის ა(ა)იპ „მრავალეროვანი საქართველო დემოკრატიული ღირებულებების განმტკიცებისათვის“ მიერ დაფინანსდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0