„ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის“ წარმომადგენლების განცხადებით, პარლამენტის ერთადერთი დღის წესრიგი უნდა იყოს ევროკავშირის მოთხოვნების შესრულება. როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე „ლელოს“ წევრებმა განაცხადეს, „ქართულმა ოცნებამ“ „ლელოს“ მიერ მომზადებული კანონპროექტების განხილვა უნდა დაიწყოს. სალომე სამადაშვილის განცხადებით, პარლამენტში მიმდინარე კვირას, არანაირი სამუშაო პროცესი არ წარმართულა.
„ევროკავშირიდან ჩამოსული დელეგაციები ჩვენ გვეუბნებიან, რომ დღეს რომ შეფასება კეთდებოდეს რომელი პუნქტებია შესრულებული ევროკავშირის 12 მოთხოვნიდან, შეფასება საკმაოდ მძიმე იქნებოდა. გვინდა, კიდევ ერთხელ მოვუწოდოთ უმრავლესობას – დაუბრუნდით ევროკავშირის მოთხოვნების შესრულებას იმიტომ, რომ ამ მოთხოვნების შესრულების გარეშე არანაირი შანტაჟის ენა, არანაირი ტყუილი პროპაგანდა არ დაგეხმარებათ იმაში, რომ მორიგ ჯერზე მოატყუოთ ქართველი ხალხი“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
პარლამენტის წევრის ანა ნაცვლიშვილის განცხადებით კი, 12 პუნქტის შესრულება საქართველოს პარლამენტისთვის რეალურად არ წარმოადგენს პრიორიტეტს. მან „ქართულ ოცნებას“ მოუწოდა, დაიწყონ „ლელოს“ მიერ დარგის სპეციალისტებთან და ექსპერტებთან მუშაობის შედეგად შეჯერებული სასამართლო ცვლილებების პაკეტის განხილვა. „ლელოს“ მიერ ასევე, ინიცირებულია ფართო კონსენსუსზე დაფუძნებული ანტიკორუფციული პაკეტი. ჩვენ ძალიან მკაცრად მოვითხოვთ, რომ დაიწყოს ამ ინიციატივების განხილვა“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.