ლელა ჩიქოვანი ფინეთის თავდაცვის ძალების მეთაურს შეხვდა

30/08/2016

საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ფინეთის თავდაცვის ძალების მეთაურს, გენერალ-ლეიტენანტ იარმო ლინდბერგს შეხვდა. თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრას გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე, ფინეთის რესპუბლიკაში საქართველოს თავდაცვის ატაშე, ასევე, საქართველოში ფინეთის რესპუბლიკის თავდაცვის ატაშე და დელეგაციის წევრები დაესწრნენ.
შეხვედრაზე საუბარი ორ ქვეყანას შორის სამხედრო სფეროში სამომავლო თანამშრომლობას შეეხო. მხარეებმა თანამშრომლობის გაღრმავების სურვილი გამოთქვეს და ყურადღება სადაზვერვო ინფორმაციების გაცვლის, კიბერუსაფრთხოების სფეროსა და რეზერვისა და მობილიზაციის საკითხებზე გაამახვილეს.
ლელა ჩიქოვანმა გენერალ-ლეიტენანტ იარმო ლინდბერგს თავდაცვის სამინისტროში დაგეგმილი რეფორმები გააცნო, ფინური მოდელით დაინტერესდა და გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე ისაუბრა. შეხვედრაზე რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოზეც იმსჯელეს.
ფინეთის თავდაცვის ძალების მეთაური საქართველოში პირველი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. მას საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე მასპინძლობს.
ოფიციალური დახვედრის ცერემონიალი გენერალური შტაბის სამწყობრო მოედანზე გაიმართა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0