ლევილის მამულის საქართველოსათვის გადმოცემის საკითხზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა

12/07/2016

ლევილის მამულის საქართველოსთვის გადმოცემის საბოლოო აქტის ხელმოწერასთან დაკავშირებით საქართველოს მინისტრებს შორის მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. ლევილის მამულის საქართველოსათვის გადმოცემისათვის აუცილებელი ფინანსური საკითხების მოგვარების მიზნით საქართველოს ფინანსთა და იუსტიციის მინისტრებმა, დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ და ეკონომიკის სამინისტროს სივრცითი დაგეგმარებისა და სამშენებლო პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ლევილის შატოსა და მთლიანად მამულის რეაბილიტაციისდაფინანსების საკითხი განიხილეს. შესაბამის სამთავრობო აქტში დეტალურად უნდა გაიწეროს ლევილის მამულის რეაბილიტაციის ათწლიანი ფინანსური გეგმა (2017-2026).
ლევილის მამულში განსახორციელებელი პროექტის დაფინანსების დოკუმენტის მომზადება ლევილის მამულის საქართველოსათვის გადმოცემის წინაპირობაა. ლევილის მამულის საქართველოსათვის გადმოცემის საკითხზე საქართველოს სხვადასხვა მთავრობა მრავალი წლის განმავლობაში აწარმოებდა მოლაპარაკებებს.
დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის გელა დუმბაძის ხელმძღვანელობით მომუშავე პარიტეტულმა კომისიამ, რომლის წევრებიც საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი და საფრანგეთში საქართველოს დესპანი გოჩა ჯავახიშვილი არიან, 2016 წლის 9 აპრილს პარიზში, პირველი რესპუბლიკის მთავრობის წევრებისა და წარმომადგენლების შთამომავლებთან იმ კონკრეტულ პროექტზე მიაღწიეს შეთანხმებას, რომლის განხორციელების შემთხვევაშიც ლევილის მამულის საქართველოსათვის გადმოცემა შთამომავლების მიერ მისაღებად იქნა მიჩნეული. მოცემული პროექტი მთავრობამ გაიზიარა და ის 2016 წლის 18 მაისს შესაბამისი განკარგულებით დამტკიცდა. სწორედ ამ ხელშესახები წარმატების საფუძველზე და 2016 წლის 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25-ე იუბილეზე, ლევილის მამულის საქართველოსათვის გადმოცემის წინასწარი თანხმობის აქტს პირველი რესპუბლიკის ბაღში ხელი მოაწერეს მიშელ რამიშვილმა (ნოე რამიშვილის შვილიშვილი), თამარ ჩხენკელმა (აკაკი ჩხენკელის შვილიშვილი), ირენ ციციშვილმა (ნოე ჟორდანიას შვილიშვილი) და ტიერი ბერიშვილმა (სამსონ ფირცხალავს ოჯახის წარმომადგენელი). ისინი ამ ხელმოწერით ადასტურებენ, რომ ლევილის მამული, როგორც თავისუფლებისა და საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის მარადიული სიმბოლო, ქართველ ხალხს 18 მაისს მთავრობის მიერ დამტკიცებული პროექტის განხორციელების პირობით წელსვე გადმოეცემა. საბოლოო აქტის ხელმოწერა 2016 წლის 20 სექტემბრამდე გაიმართება, რისთვისაც, დამატებით, მოცემული პროექტის განხორციელების ათწლიანი ფინანსური გეგმის წარდგენაა აუცილებელი.
საქართველოს სახელმწიფოსთვის გადმოცემის შემდეგ ლევილის მამულში განსახორციელებელ პროექტს ორი მიზანი ექნება: მამულის რეაბილიტაცია-შენარჩუნება და შატოში პირველი რესპუბლიკის მუზეუმის მოწყობა, რათა პატივი მიეგოს პირველი რესპუბლიკის ღირებულებებს, მის თვალსაჩინო წარმომადგენლებსა და ჩვენი ქვეყნის ამ უმნიშვნელოვანესი პერიოდის ისტორიას და, ამასთან, ლევილის შატოში დაარსდება ქართული აკადემია, სადაც ახალგაზრდა ხელოვანები და მკვლევარები როტაციის პრინციპით იქნებიან მივლენილნი საქართველოდან რამდენი თვით შემოქმედებითი სამუშაოებისათვის.
საბოლოო დოკუმენტის პროექტი ლევილის მამულის საქართველოსათვის გადმოცემის შემდეგ განსახორციელებელი პროექტის დაფინანსების უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ საქართველოს მთავრობას უახლოეს სხდომაზე წარედგინება დასამტკიცებლად.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0