ლევან კობიაშვილი ოზურგეთის ბავშვთა საფეხბურთო გუნდებს შეხვდა

02/07/2016

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანების საზოგადოებრივ ცენტრში, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი და საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ფეხბურთელები : დავით მუჯირი, ალექსანდრე იაშვილი და ნიკოლოზ ჯღარკავა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელთან – მერაბ ჭანუყვაძესთან ერთად ადგილობრივ ბავშვთა საფეხბურთო გუნდებს შეხვდნენ. სპორტსმენებმა ფეხბურთთან დაკავშირებულ საკითხებზე მომავალი ფეხბურთელების კითხვებს უპასუხეს, საჩუქრები გადასცეს და საქართველოს ნაკრების პირველ ოფიციალურ მატჩზე დაპატიჟეს, რომელიც 5 სექტემბერს დინამო არენაზე, ავსტრიის წინააღმდეგ გაიმართება.

„მისასალმებელია ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის ეს ინციატივა. ფედერაციამ საფეხბურთო მომავალზე ზრუნვა რეგიონული ბავშვთა გუნდებიდან დაიწყო. ეს არის ძალიან დიდი სტიმული მომავალი ფეხბურთელებისა და რეგიონებში ბავშვებს შორის ფეხბურთის პოპულარიზაციისთთვის. ჩვენის მხრივ, ადგილობრივი თვითმართველობა ხელს შეუწყობს სოფლებში საფეხბურთო გუნდების ჩამოყალიბებას და მათი სპორტული ინვენტარით უზრუნველყოფას,“- აღნიშნა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მერაბ ჭანუყვაძემ.

ლევან კობიაშვილი რეგიონებში ბავშვთა საფეხბურთო გუნდებთან შეხვედრებს აგრძელებს. შეხვედრების მიზანი ბავშვებში ფეხბურთის პოპულარიზაცია და მომავალი ფეხბურთელების წახალისებაა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0