ლევან იზორიამ შინდისთან დაღუპული ქართველი სამხედროების მემორიალი გვირგვინი შეამკო

11/08/2017

შინდისის ბრძოლიდან 9 წლისთავზე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ სოფელ შინდისთან დაღუპული ქართველი სამხედროების მემორიალი გვირგვინი შეამკეს და გმირ მებრძოლებს პატივი მიაგეს.
თავდაცვის მინისტრმა დაღუპული სამხედროების ოჯახის წევრებს პირადად მიუსამძიმრა და თანადგომა გამოუცხადა.
თავდაცვის მინისტრთან ერთად ქართველი გმირები საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა გაიხსენა.
დღესვე შინდისში წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში გორისა და ატენის მიტროპოლიტმა, მეუფე ანდრიამ დაღუპული მებრძოლების სულის მოსახსენიებელი პარაკლისი აღავლინა. გორის მუნიციპალიტეტის მოსწავლე ახალგაზრდობის კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრმა კი თეატრალური დადგმა, ასევე მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები წარმოადგინა, რომლებიც შინდისის დაღუპულ მებრძოლებს მიეძღვნა.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მხარდაჭერით “თავისუფალი კინოსტუდია” აგვისტოში შინდისის გმირების შესახებ მხატვრული ფილმის გადაღებას იწყებს. დღეს შინდისში გმირი სამხედროების მემორიალთან ფილმის შემოქმედებითი ჯგუფიც იმყოფებოდა.
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია ფილმი „შინდისის“ გადამღები ჯგუფის წევრებს, მთავარ რეჟისორ დიტო ცინცაძესა და იმ 25 მსახიობსაც შეხვდა, რომლებმაც ორი კვირის განმავლობაში თელავში, ეროვნული გვარდიის მე-20 კადრირებულ ბრიგადაში სამხედრო მომზადება გაიარეს. თავდაცვის მინისტრმა ფილმის ავტორებს პროექტის განხორციელებაში მხარდაჭერა აღუთქვა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0