ლევან დავითაშვილმა ITB Berlin-ის ფარგლებში საერთაშორისო მედიისთვის პრესკონფერენცია გამართა

06/03/2023

ლევან დავითაშვილმა ITB Berlin-ის ფარგლებში საერთაშორისო მედიისთვის პრესკონფერენცია გამართა. ლევან დავითაშვილმა პრესკონფერენციაზე მოწვეულ საერთაშორისო მედიის 200-მდე წარმომადგენელს საქართველოს შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა, სადაც მიმოხილული იყო ჩვენი ქვეყნის მნიშვნელოვანი მიღწევები ტურიზმის, ეკონომიკური პოლიტიკის, ვაჭრობის, ტრანსპორტის, ენერგეტიკისა და სხვა სფეროებში.

„საქართველოსთვის უდიდესი პატივია ITB Berlin 2023-ზე ოფიციალური მასპინძელი ქვეყნის სტატუსით წარდგომა. ეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი აღიარება იმისა, რომ ტურიზმი ნამდვილად არის საქართველოს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი. მსურს სიამაყით აღვნიშნო, რომ ამ მნიშვნელოვანი სტატუსის მოპოვება შესაძლებელი გახდა საჯარო და კერძო სექტორების მაქსიმალურად ეფექტიანი თანამშრომლობით, რაც, თავის მხრივ, ქვეყანაში ძლიერი ტურისტული ინდუსტრიის არსებობის დასტურია“ – აღნიშნა მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას.

ვიცე-პრემიერთან ერთად პრესკონფერენციაში მონაწილეობდნენ Messe Berlin-ის მმართველი დირექტორი დირკ ჰოფმანი, კვლევისა და პროდუქტის სტრატეგის Phocuswright-ის დეპარტამენტის ვიცე-პრეზიდენტი ჩარუტა ფადინსი, გერმანიის ტურისტული ასოციაციის (DRV) პრეზიდენტი ნორბერტ ფეიბირგი და როგორც სამთავრობო, ისე კერძო სექტორის სხვა წარმომადგენლები.
გამოფენის გალა გახსნის ფარგლებში მოეწყობა სპეციალური ღონისძიება „უსაზღვრო ქართული კულტურა“, სადაც წარმოდგენილი იქნება ქართული კულტურის ისტორია, თანამედროვე ხელოვნება, ეთნო ჯაზი, კლასიკური და ელექტრონული მუსიკა, ქართული ნაციონალური ბალეტი და ა.შ. სტუმრები ასევე გაეცნობიან ქართულ კულტურას, ტრადიციებსა და სამზარეულოს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0