გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი GIPA-ს სტუდენტებს შეხვდა.
„მინდა, მადლობა გადავუხადო GIPA-ს, რომელმაც მნიშვნელოვანი სასწავლო პროგრამები შეიმუშავა. თქვენი სახით გარემოს დაცვის სფეროს დიდი გულშემატკივრები, მხარდამჭერები და პროფესიონალები შეემატება, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში. გარემოსდაცვითი მენეჯმენტისა და პოლიტიკის სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებულების გარკვეული ნაწილი ახლა უკვე ჩვენი სამინისტროს გუნდის წევრია. ამ მიმართულებით თანამშრომლობა, თქვენი პროგრამის სტუდენტების სტაჟირება და პრაქტიკული გამოცდილების მხარდაჭერა მომავალშიც გაგრძელდება“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
აღსანიშნავია, რომ 2016 წლიდან, სამინისტროს ინიციატივით, „გარემოსდაცვითი მენეჯმენტისა და პოლიტიკის” სამაგისტრო პროგრამა შეიქმნა და დაინერგა საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA), სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრისა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით.
სამაგისტრო პროგრამის „გარემოსდაცვითი მენეჯმენტი და პოლიტიკა“ მიზანია გარემოსდაცვითი მმართველობისა და პოლიტიკის სფეროში მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მომზადება, რომლებიც წარმატებით იმუშავებენ როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორში სხვადასხვა კვლევით, აკადემიურ თუ მენეჯერულ თანამდებობებზე, რომელთა ფუნქციებში და მოვალეობებში შედის გარემოსდაცვითი მმართველობის საკითხებზე მუშაობა. დღეისათვის, კურსდამთავრებულთა დასაქმების მაჩვენებელი 100%-ია და ყველა მათგანი დასაქმებულია გარემოსდაცვით სფერში. მათი ნაწილი მუშაობს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულში.