ლევან დავითაშვილი ფერმერთა ასოციაციის ახალი ინიციატივის პრეზენტაციას დაესწრო

01/12/2016

სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ფერმერთა ასოციაციის ახალი ინიციატივის პრეზენტაციას დაესწრო.
ფერმერთა ინტერესების უკეთ დაცვისა და საკანონმდებლო პროცესებში მათი ჩართულობის მიზნით, საქართველოს ფერმერთა ასოციაციის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება ჩამოაყალიბოს ფერმერთა სათათბირო ორგანო, რომელიც ანგარიშგასაწევი ძალა გახდება მთავრობის მიერ ინიცირებული ისეთი კანონპროექტების შემუშავების პროცესში, რაც უშუალოდ ეხება ფერმერთა საქმიანობას, მათი როგორც მცირე მეწარმეების მდგომარეობის გაუმჯობესებასა თუ განვითარების ხელშეწყობას.
სოფლის მეურნეობის მინისტრმა მადლობა გადაუხადა ფერმერთა ასოციაციას, რომელმაც შეძლო და ერთად შეკრიბა ყველა ის ადამიანი, ვინც სოფლის მეურნეობის სექტორის ძირითადი მამოძრავებელი ძალაა.
,,ნოემბრის თვე ჩვენთვის მნიშვნელოვანი თვეა, რადგან ამ პერიოდში მოსავლის ძირითადი ნაწილი ფაქტობრივად დაბინავებულია და გვაქვს მცირე დრო, რომ შევიკრიბოთ, ყველა მნიშვნელოვან საკითხზე ვიმსჯელოთ და ერთმანეთს აზრები გავუზიაროთ. ჩვენი ინიციატივით, 20 ნოემბერს ფერმერთა დღე აღინიშნება. სამწუხაროდ, წელს ფერმერთა დღის აღნიშვნა სათანადოდ ვერ მოხდა, თუმცა დღევანდელი ღონისძიება სწორედ ფერმერებს ეძღვნება და ეხმიანება ყველა იმ საკითხს – გამოწვევებსა და მიღწევებს, რაზეც შეგვიძია ვისაუბრიოთ და ვიმსჯელოთ. ჩვენ მივესალმებით და მხარს ვუჭერთ იმ მნიშვნელოვან ინიციატივას, რომელიც ფერმერთა ასოციაციამ დღეს გააჟღერა. ევროკავშირის მხარდაჭერით და ფერმერთა ასოციაციის ინიცირებით ფერმერთა სათათბიროს ჩამოყალიბდება. ეს ხელს შეუწყობს დამატებითი საკომუნიკაციო პლატფორმის შექმნას, სადაც ერთი მხრივ ფერმერებს ექნებათ საშუალება დააფიქსირონ და სახელმწიფოს მიაწოდონ თავიანთი აზრი, მეორე მხრივ სოფლის მეურნეობის სამინისტროს საშუალება ექნება მიმდინარე პროგრამების და სამომავლო რეფორმებისა თუ გადაწყვეტილებების შესახებ ინფორმაცია ფერმერებამდე ეფექტიანად მიიტანოს“, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.
როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრმა აღნიშნა, სამინისტრო ღიაა ნებისმიერი გადაწყვეტილების ფერმერებთან ერთად განხილვისა და მსჯელობისთვის.
,,ჩვენ ვეცდებით დაგარწმუნოთ მიღებული გადაწყვეტილებების სისწორეში. ამასთან, თქვენი მხრიდან მივიღებთ არგუმენტებს, მოვისმენთ ინფორმაციას პრობლემებზე და ერთად დავსახავთ მათი გადაჭრის გზებს. ჩვენი პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ ხშირ შემთხვევაში პრობლემა მხარეებს შორის კომუნიკაციის ნაკლებობაშია. ამ მიმართულებით პროგრესი რა თქმა უნდა გვაქვს, თუმცა ფერმერთა სათათბიროს ფორმატში შესაძლებელი გახდება ეს კომუნიკაცია კიდევ უფრო ეფექტიანი გავხადოთ“, – აღნიშნა სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა.
როგორც ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ნინო ზამბაზიძემ აღნიშნა ფერმერთა სათათბირო ორგანო უზრუნველყოფს გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ფერმერთა აქტიურ ჩართულობასა და მთავრობასთან მჭიდრო კომუნიკაციის დამყარებას.
,,ფერმერთა სათათბიროს წევრობის მსურველი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგი კრიტერიუმებიდან ერთ-ერთს და აუცილებლად მეხუთეს. ეს კრიტერიუმებია:
1. აგრარულ სექტორში მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება (ბიზნესზე ორიენტირებული ფერმერი რომელიც აწარმოებს და ყიდის საკუთარ პროდუქციას);
2. მოქმედი კოოპერატივის წევრი/თავმჯდომარე;
3. აგრო საწარმოს ან დარგობრივი ასოციაციის წევრი/ხელმძღვანელი;
4. წარმომადგენელი უნდა იყოს ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დონეზე და ეკონომიკურ (ფერმერულ) საქმიანობას ახორციელებდეს შესაბამის ტერიტორიულ არეალში;
5. სათათბიროს წევრი არ უნდა იყოს პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი.
ფერმერთა სათათბიროს შემადგენლობაში შევა საქართველოს ტერიტორიაზე არსებული 58 მუნიციპალიტეტის 116 წარმომადგენელი. თითოეული მუნიციპალიტეტი წარმოდგენილი იქნება 2 წევრით. აქედან ერთს დაასახელებს საქართველოს ფერმერთა ასოციაციის საბჭო, მეორეს კი თავად საბჭოს მიერ არჩეული წევრი“, – განაცხადა ნინო ზამბახიძემ.
როგორც ღონისძიებაზე აღინიშნა, გენდერული თანასწორობის პრინციპის დაცვის მიზნით, საბჭოს მიერ სათათბიროს წევრობაზე არჩეულმა პირმა უნდა დაასახელოს საწინააღმდეგო სქესისს მეორე წევრი. საბოლოო გადაწყვერილებას სათათბიროს წევრად მიღების შესახებ იღებს ფერმერთა ასოციაციის საბჭო.
იქიდან გამომდინარე, რომ ფერმერები აცნობიერებენ იმ საჭიროებებსა და გამოწვევებს, რომელთა წინაშეც ისინი ყოველდღიურად დგანან,თვლიან,რომ დროა , მათ თავად მიიღონ აქტიური მონაწილეობა მნიშნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებასა და საკანონმდებლო ინიციატივების განხილვის პროცესში,რომელიც მათი,როგორც ფერმერის მომავალს განსაზღვრავს.
სათათბიროს ორგანოს ფორმირება ა(ა)იპ „საქართველოს ფერმერთა ასოციაციის“ პარტნიორი ორგანიზაციის „ქეა საერთაშორისო“ აქტიური მხარდაჭერით იმართება, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ENPARD-ის პროგრამის ფარგლებში.
ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს ფერმერთა ასოციაციის საპატიო პრეზიდენტი ხუან ეჩანოვე, COPA-COGECA-ს უფროსი მრჩეველი პოლიტიკის საკითხებში პროდრომოს კალაიტზისი, ევროკავშირის სოფლის მეურნეობის ატაშე საქართველოში კრისტინა კასელა, საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასოციაციის წევრები და ფერმერები.
ღონისძიების ფარგლებში, სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა სოფლის მეურნეობის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის სპეციალური დიპლომებით ახალგაზრდა ფერმერები დააჯილდოვა.
ღონისძიების ბოლოს საერთაშორისო ორგანიზაციის ,,ოქსფამი-საქართველო“ წარმომადგენლობის ეკონომიკური პროგრამების მენეჯერმა, ლევან დადიანმა, ფერმერთა ასოციაციის საპატიო პრეზიდენტმა, ხუან ეჩანოვემ და საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ნინო ზამბახიძემ სასურსათო უსაფრთხოების საკითხებზე მომზადებული სიუჟეტებისთვის ჟურნალისტები დააჯილდოვეს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0