ლევან დავითაშვილი ბერლინში „მწვანე კვირეული 2019″ გახსნის ღონისძიებას დაესწრო

23/01/2019

ბერლინში სურსათის, სოფლის მეურნეობისა და მებაღეობის ყველაზე მასშტაბური და პრესტიჟული საერთაშორისო გამოფენა „მწვანე კვირეული 2019″ (Gruene Woche 2019) გაიხსნა. გამოფენის მასშტაბისა და მნიშვნელობიდან გამომდინარე, მონაწილე მინისტრებს და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, ოფიციალური გახსნის ცერემონიაზე, მისასალმებელი სიტყვით გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერმა, ანგელა მერკელმა მიმართა.
გამოფენის გახსნას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი სოფლის მეურნეობის საკითხებში დავით კირვალიძე, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გერმანიაში ელგუჯა ხოკრიშვილი და ქართული დელეგაციის წევრები ესწრებოდნენ.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით, გამოფენაზე ქართული სტენდია წარმოდგენილი. 20-მდე ქართველი მწარმოებელი ქართულ ღვინოს, ჭაჭას, ლიმონათს, ნატურალურ წვენებს, ჩაის, ჩურჩხელას, მშრალ ხილს, გოზინაყს, ტყლაპს, ტყემალს, ჯემს, თხილს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულ დამთვალიერებელს აცნობს. გამოფენაზე წელს პირველადა წარმოდგენილი ქართული თაფლი, რომელიც კონკურენტუნარიანია და ევროკავშირის სტანდარტებს სრულად აკმაყოფილებს.
Gruene Woche 2019-ის ფარგლებში, საკუთარი პროდუქცია წარმოდგენილი აქვს ქართულ კომპანიებს: „ქიმერიონი“, „ჩელთი“, „ბადაგონი“, „მილდიანი“, „შუხმან ვაინსი“, „კულა“, „გეოჰაუსი“, „მაკოვსკი რუსა“, „კონა“, „გეოპლანტი“, KTW, „გეონაატურალსი“ და „ნუგბარი“; ასევე, „ი/მ თამაზ ღლონტი“ და კოოპერატივი „გეოლაინი“. გამოფენაში მონაწილეობას იღებს საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია; „აწარმოე საქართველოს“ მხარდაჭერით, გამოფენაში 3 კომპანია იღებს მონაწილეობას.
ბერლინის საერთაშორისო გამოფენა „Gruene Woche“, სოფლის მეურნეობის მიმართულებით, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და პრესტიჟულია. აღნიშნული გამოფენა უკვე 84 წელია ყოველწლიურად იმართება. წელს გამოფენაში სხვადასხვა ქვეყნის 2000-ზე მეტი კომპანია მონაწილეობს, რომლებიც 100 000-ზე მეტ სხვადასხვა დასახელების სასურსათო პროდუქციას წარუდგენს დამთვალიერებელს. გამოფენის ვიზიტორთა რაოდენობა ყოველწლიურად მზარდია და 500 000-ზე მეტს აღწევს. მიმდინარე წელს, გამოფენა “მწვანე კვირეულის“ პარტნიორ ქვეყანას, გერმანიასთან ერთად, ფინეთი წარმოადგენს.
ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ, ქართული პროდუქციის პოპულარიზაციას საერთაშორისო ბაზრებზე განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. შესაბამისად, წლევანდელ გამოფენაზე საქართველო მრავალფეროვანი პროდუქციით არის წარმოდგენილი.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0