ლევან დავითაშვილი აშშ – ის კომერციის მდივნის თანაშემწეს შეხვდა

12/04/2023

ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი აშშ – ის კომერციის მდივნის თანაშემწეს ექსპორტის საკითხებში თეა როზმან ქენდლერს შეხვდა. შეხვედრაზე, სადაც ორმხრივი სავაჭრო – ეკონომიკური ურთიერთობების პრიორიტეტული მიმართულებები განიხილეს, დადებითად შეფასდა საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის გაზრდილი სავაჭრო ბალანსი და ასევე აშშ – დან საქართველოში განხორციელებული ინვესტიციების ზრდა. როგორც აღინიშნა, 2022 წელს საქართველოს ინვესტორ ქვეყნებს შორის აშშ – ს მე-3, ხოლო უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორ სახელმწიფოთა შორის მე-7 ადგილი უკავია. საუბარი შეეხო საერთაშორისო სანქციების აღსრულების პროცესში საქართველოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს და მათ მჭიდრო კოორდინაციას საერთაშორისო პარტნიორებთან. ამერიკულმა მხარემ მადლობა გადაუხადა და დადებითად შეაფასა საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯები ამ მიმართულებით. შეხვედრაზე აგრეთვე ხაზი გაესვა მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად კოორდინირებული მუშაობის მნიშვნელობას საერთაშორისო სანქციების აღსრულების მხრივ. მხარეებმა ასევე ისაუბრეს ორმხრივ თანამშრომლობაზე ენერგეტიკის, სამოქალაქო ავიაციის, საზღვაო ტრანსპორტის, ვაჭრობის, ტელეკომუნიკაციებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების და სხვა სექტორებში.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0