ლევან დავითაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების ბირთვული მარეგულირებელი კომისიის რეგიონალურ ადმინისტრატორს შეხვდა

28/02/2018

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების ბირთვული მარეგულირებელი კომისიის რეგიონალურ ადმინისტრატორს კეტრინ ჰანის და საერთაშორისო ატომური ენერგიის უსაფრთხოების სააგენტოს (IAEA) დირექტორს პიტერ ჯონსტონს შეხვდა.
შეხვედრის მიზანს ამერიკელი კოლეგების მიერ საქართველოში რადიაციული უსაფრთხოების მარეგულირებელი ინფრასტრუქტურის შესწავლის საფუძველზე შემუშავებული რეკომენდაციების გაზიარება წარმოადგენდა.
როგორც ლევან დავითაშვილმა განაცხადა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს აქვს სრული მხარდაჭერა და ამერიკულ მხარესთან ნაყოფიერი თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა.
„ჩვენ რამდენიმე დღის წინ დავასრულეთ ოფიციალური ვიზიტი ამერიკის შეერთებული შტატებში. გვქონდა ძალიან საინტერესო შეხვედრები. ამერიკა ჩვენთვის სტრატეგიული პარტნიორია. დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ მხარდაჭერისთვის და აღვნიშნო, რომ თქვენი რეკომენდაციები ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ, რა თქმა უნდა, გავითვალისწინებთ თქვენს რჩევებს, მითითებებს და ვფიქრობ ერთობლივი მუშაობით, მივაღწევთ საქართველოში ბირთული და რადიაციული უსაფრთხოების მიმართულებით მნიშვნელოვან შედეგებს“- განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
კეტრინ ჰანიმ, ამერიკის შეერთებული შტატების ბირთვული მარეგულირებელი კომისიის სახელით, მინისტრს მხარდაჭერა აღუთქვა და გამოთქვა სურვილი შემდგომ თანამშრომლობასთან დაკავშირებით.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე და სსიპ ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს ხელმძღვანელი ვასილ გედევანიშვილი ესწრებოდნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0