ლევან დავითაშვილი ავსტრიის დელეგაციას შეხვდა

04/02/2017

სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ავსტრიის რესპუბლიკის ევროპის, ინტეგრაციისა და საგარეო საქმეთა ფედერალური სამინისტროს თანამშრომლობის განვითარების დეპარტამენტის გენერალურ დირექტორს, პიტერ ლაუნსკი ტიეფენტალს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის სოფლის მეურნეობის მიმართულებით თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრმა აღნიშნა, ავსტრიასა და საქართველოს ბევრი საერთო მახასიათებელი აქვს, რაც მჭიდრო თანამშრომლობის კარგ საფუძველს წარმოადგენს. ავსტრია საქართველოსთვის მნიშვნელოვანი პარტნიორია. ხაზგასასმელია ის დახმარება, რაც ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADA) მიერ საქართველოში აგრარული დარგის განვითარების კუთხით იქნა გაწეული. კერძოდ: ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის პროგრამის განხორციელების, კვების უსაფრთხოების უზრუნველყოფის, პროფესიული ტრენინგებისა და გადამზადების, ასევე სხვა მიმართულებებით.
ლევან დავითაშვილმა პიტერ ლაუნსკი ტიეფენტალს სოფლის მეურნეობის განვითარების მხარდამჭერი პროგრამები გააცნო. საუბრისას მინისტრმა ყურადღება საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებულ სოფლის განვითარების სტარტეგიაზე გაამახვილა.
პიტერ ლაუნსკი ტიეფენტალმა დაადასტურა ქვეყნებს შორის პარტნიორული ურთიერთობის მნიშვნელობა და გამოთქვა სურვილი თანამშრომლობის გაღრმავებასთან დაკავშირებით. როგორც მან შეხვედრაზე აღნიშნა, ქართულ მხარესთან არაერთი მიმართულებით, მათ შორის სურსათის უვნებლობის, მეტეოროლოგიური და ეკოსისტემის, დისტრიბუციისა და მცირემიწიან ფერმერთა გადამზადების კუთხით, ერთობლივი პროექტების განხორციელება იგეგმება. ყალიბდება შესაბამისი სტრატეგიული ხედვები, რაც კიდევ უფრო განამტკიცებს ავტრიასა და საქართველოს შორის თანამშრომლობას.
სოფლის მეურეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე და ავსტრიის განვითარების სააგენტოს წარმომადგენელი ესწრებოდა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0