ლატვიისა და საქართველოს ურთიერთობის მომავალი ჩვენი ერთობლივი ევროპული მომავალია

16/05/2019

ლატვიის პრეზიდენტის სახელით საქართველოს პრეზიდენტის პატივსაცემად რიგაში ოფიციალური ვახშამი გაიმართა, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი, ოფიციალურ დელეგაციასთან ერთად დაესწრო. საქართველოს და ლატვიის პრეზიდენტებმა ორი ქვეყნის მეგობრობის სადღეგრძელო შესვეს და ქართველ და ლიტველ ხალხს მშვიდობა და კეთილდღეობა უსურვეს.

“4 მაისს ლატვიამ დამოუკიდებლობის აღდგენის დღე აღნიშნა. ეს თქვენთვის განსაკუთრებული თარიღია და მე მთელი გულით ვუერთდები თქვენს ამ სიხარულს. ამ დღეს თქვენ ქვეყნის მეორედ დაბადებასაც უწოდებთ. ეს შეფასება ქართველებს ძალიან კარგად გვესმის, რადგანაც დამოუკიდებლობა, მართლაც, უდიდესი მონაპოვარია ჩვენი ხალხებისთვის. საბჭოთა რეჟიმი ქართველებისა და ლატვიელების საერთო, ტრაგიკული ისტორიაა. ტოტალიტარიზმისგან გათავისუფლებისთვის ბრძოლამ ერთმანეთთან მტკიცედ დაგვაკავშირა. ამ ბრძოლაში ერთმანეთი გამოვცადეთ და კიდევ უფრო დავაფასეთ ეს მეგობრობა. ჩვენთვის დაუვიწყარია თქვენი გულწრფელი, ძლიერი მხარდაჭერა, რომელიც 9 აპრილის ტრაგედიის დროს გამოხატეთ”, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ქართველებსა და ლატვიელებს კულტურის ფესვებთან – ფოლკლორთან განსაკუთრებული დამოკიდებულებაც აერთიანებთ.

“თქვენი სახალხო ზეიმები, რომლებიც გაჯერებულია ტრადიციული ლატვიური ცეკვებითა და სიმღერებით, იუნესკოს მიერ მსოფლიოს არამეტერიალურ კულტურულ მემკვიდრეობად არის აღიარებული. ქართული მრავალხმიანი სიმღერა, ასევე, შესულია ამ ნუსხაში”, – აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

პრეზიდენტის განცხადებით, დღეს, როდესაც ქართველები მიზანდასახულად მივისწრაფვით ევროპისკენ, ლატვია, როგორც ევროკავშირის წევრი ქვეყანა, ჩვენთვის საიმედო პარტნიორია. თქვენი გამოცდილების გაზიარება ჩვენ კიდევ უფრო გვეხმარება ამ გზის სწორად გავლაში.

“დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი, და ამაში იქნება თქვენი – ლატვიელების დიდი წვლილიც. ლატვიისა და საქართველოს ურთიერთობის მომავალი ჩვენი ერთობლივი ევროპული მომავალია.”, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

როგორც ლატვიის პრეზიდენტმა აღნიშნა, ყველა ერისათვის მნიშვნელოვანია უსაფრთხოება და თავდაცვა. დღევანდელი საქართველო ნატოს მნიშვნელოვანი პარტნიორია და თავისი წვლილი შეაქვს კოლექტიურ თავდაცვაში. ლატვია გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას ტრანსატლანტიკური ურთიერთობისა და ევროკავშირის გზაზე.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0