ლანჩხუთში 500-მდე ოჯახს სასმელი წყლის პრობლემა მოუგვარდება

16/01/2019

ლანჩხუთში 500 – მდე ოჯახს სასმელი წყლის პრობლემა მაისიდან მოუგვარდება. ადგილობრივი მოსახლოების უწყვეტი წყალმომარაგების უზრუნველსაყოფად გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ სამუშაოები უკვე დაიწყო.
ინფრასტრუქტურის არარსებობის გამო, 9 ქუჩის მოსახლეობა ათეული წლებია ცენტრალიზებული წყალმომარაგების სისტემით ვერ სარგებლობს.
მიმდინარე პროექტი ითვალისწინებს 1 კმ-მდე მაგისტრალური მილსადენისა და 14 კმ გამანაწილებელი ქსელის მშენებლობას. მაისიდან, ახალი სისტემის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ, მოსახლეობას 24-საათიანი, ხარისხიანი წყალმომარაგება ექნება.
ამ დროისთვის, ინფრასტრუქტურული სამუშაობი უკვე დასრულებულია მგელაძის, ცაბაძის, დუმბაძისა და მშვიდობის ქუჩებზე. პროექტისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1 000 000 ლარზე მეტია გამოყოფილი.
კომპანია გურიის რეგიონში, რამდენიმე მუნიციპალიტეტში წყლისა და კანალიზაციის ინფრასტრუქტურის მოწყობას განაგრძობს. ურეკში, წყალმომარაგება – წყალარინების სისტემებისა და წყალარინების გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა მიმდინარე წელს სრულდება. გარდა ამისა, 2019 წლის გაზაფხულზე კომპანია ანასეულის მოსახლეობის უწყვეტი სასმელი წყლით უზრუნველსაყოფად სამუშაოებს დაიწყებს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0