ლანჩხუთში სპორტული კომპლექსი აშენდება

03/06/2016

მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაზა ურუშაძემ შესაბამისი სამსახურების უფროსებთან ერთად ის ტერიტორია დაათვალიერა, სადაც სპორტული სკოლის აშენება იგეგმება (ჟორდანიას #76 მიმდებარედ, ყოფილი ჩაის ფაბრიკის ტერიტორია).
მრავალფუნქციური შენობა სპორტული მოედნის (ხელბურთი, კალათბურთი, მინი ფეხბურთი, საჭიდაო დარბაზის) მოწყობას ითვალისწინებს. ორი ოთახი ჭადრაკის ჯგუფებს დაეთმობა, სადაც შესაძლებელი იქნება შეჯიბრებების ჩატარება.
შენობაში გათვალისწინებული იქნება სპორტსმენებისთვის გასახდელები, საშხაპეები, ტუალეტები, ექიმის ოთახი, დარბაზის იატაკის ქვეშ მოეწყობა ბუნებრივი გასანიავებელი სისტემა. შენობის მთავარ შესასვლელში მოეწყობა ვესტიბიული თავისი კაფე-ბარებითა და მაყურებელთათვის ტუალეტები.
ტერიტორია კეთილმოეწყობა, გამწვანდება, მოეწყობა გარე-განათება და ავტოსადგომი. მეორე სართულზე განთავსდება საკონფერენციო დარბაზი და მცირე ზომის სამზარეულო, საპატიო სტუმრებისათვის ლოჟა და სველი წერტილები.
შენობის შესასვლელებში განთავსდება პანდუსები.
როგორც გამგეობის ინფრასტრუქტურისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსმა ლევან ჩხაიძემ განაცხადა, პროექტი ტედერში გამარჯვებულმა ფირმა „LIVE DESIGN“ მოამზადა. აღნიშნული პროექტი ამ დროისთვის ექსპერტიზაზეა გადაგზავნილი.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0