ლანჩხუთის რაიონში „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის“ სამედიცინო დაწესებულება გაიხსნა. ცერემონიას შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ვალერი კვარაცხელია და გურიის გუბერნატორი გია სალუქვაძე დაესწრნენ. კლინიკა 25 საწოლზეა გათვლილი, მათ შორის 5 სარეანიმაციოა. კლინიკა თანამედროვე სადიაგნოსტიკო აპარატურითაა აღჭურვილი და ლანჩხუთის 33 400 მოსახლეს მოემსახურება. ადგილზე ამბულატორიული და სტაციონარული სერვისების სრული სპექტრია ხელმისაწვდომი, მათ შორის გეგმიური და გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურება, რეანიმაცია, ქირურგია, თერაპია, მეან-გინეკოლოგია, ლაბორატორია, რადიოლოგია, ანტენატალური მეთვალყურეობა და „დაავადებათა ადრეული გამოვლენა და სკრინინგის“ სახელმწიფო პროგრამის კიბოს სკრინინგის კომპონენტი, კერძოდ, საშვილოსნოს ყელის სკრინინგი, მათ შორის კოლპოსკოპიური კვლევა.
გურიის რეგიონში პირველად სწორედ ლანჩხუთის კლინიკაში ინერგება C ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამა. კლინიკაში 78 თანამშრომელია დასაქმებული. მათგან 13 ექიმი და 20 ექთანია, რომელთაც პროფესიული უნარების ასამაღლებლად შესაბამისი ტრენინგები აქვთ გავლილი.
ლანჩხუთში ,,რეგიონული ჯანდაცვის ცენტრი” გაიხსნა
10/09/2016