ლანჩხუთში აღდგომის დღესასწაულზე ტრადიციული სახალხო შეჯიბრი ლელობურთი გაიმართა

29/04/2019

გამარჯვების მოსაპოვებლად ქვემო და ზემო შუხუთის მაცხოვრებლები ბურთის ერთი წლით ხელში ჩასაგდებად ყველა შესაძლებლობას იყენებდნენ. ლელობურთის თამაში ზემო შუხუთელების გამარჯვებით დასრულდა. მათ ბურთის წყლის არხზე გადატანა მოახერხეს და ტრადიციისამებრ, ბურთი ერთ-ერთი გარდაცვლილის საფლავზე მიიტანეს. ტრადიციად ქცეული დღესასწაული სპორტული და კულტურული ღონისძიებების სიმრავლითაც გამოირჩეოდა. გაიმართა შეჯიბრი მკლავჭიდში, ჩატარდა ადგილობრივი ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლების კონცერტი. მოეწყო ადგილობრივი ნაწარმის გამოფენა-გაყიდვა. სპორტულ შეჯიბრში გამარჯვებულებს გადაეცათ სპეციალური პრიზები და სიგელები. ღონისძიებას მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატი, ტურისტები და მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.

“გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს. მაცხოვრის ბრწყინვალე აღდგომა თითოეული მართლმადიდებელისთვის არის სიცოცხლის სიკვდილზე გამარჯვების, სიკეთის გამარჯვების, იმედის მომტანი – ზეიმთ ზეიმი. ეს არის დღე, რომელიც გვაერთიანებს და ქრისტესმიერი სიყვარულით გვაძლიერებს. გილოცავთ და გისურვებთ სულიერ სიძლიერეს, უფლის წყალობას. რაც შეეხება ლელობურთს ის ერთ-ერთი უძველესი ტრადიციაა და გურიაში, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში ყოველწლიურად აღდგომის დღესასწაულზე იმართება. ეს ტრადიცია თითქმის 250 წელზე მეტს ითვლის. „ლელო” უძველესი ქართული სიტყვაა და “ძალით გატანას” ნიშნავს. ერთმანეთს ორი სოფლის წარმომადგენლები 16 – კილოგრამიანი ბურთით ეპაექრება. გამარჯვებული კი სოფლის ის ნაწილი ხდება, რომელიც ბურთს თავისი უბნისკენ წაიღებს”- გურიაში სახელმწიფო რწმუნებული ზურაბ ნასარაია.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0