ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ წყალწმინდაში დღეს კიდევ ერთი ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა. საბავშვო ბაღის გახსნას ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ბაღის აღსაზრდელებმა სტუმრები კონცერტზე მიიწვიეს და მათ სიმღერებითა და ლექსებით თავი მოაწონეს. წყალწმინდის ბაღი ამ ეტაპზე 50 აღსაზრდელს ემსახურება. იანვრიდან კი აქ მეორე ჯგუფიც გაიხსნება. ამ სოფელში ბაღის მშენებლობა 236 380 ლარი დაჯდა, სამშენებლო სამუშაოები შპს “საბამ” განახორციელა. როგორც სოფლის მოსახლეობა, ასევე ბაღის პედაგოგები განსაკუთრებულ მადლობას გამოთქვამენ მშენებლების მიმართ თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აგებული შენობის გამო. “ჩვენ ყველაფერს ვაკეთებ, რომ ჩვენმა მომავალმა თაობამ ჯანსაღ გარემოში მიიღოს განათლება” – აღნიშნა მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე ნუგზარ ცინცაძემ. აღმზრდელ-პედაგოგებს, ბავშვებსა და მშობლებს ახალი საბავშვო ბაღის გახსნა მიულოცა აგრეთვე ა(ა)იპ ლანჩხუთის სკოლამდელი საგანმანათლებლო სააღმზრდელო ცენტრის ხელმძღვანელმა დავით წულაძემ: “ზაზა ურუშაძის დიდი დამსახურებაა, რომ დღეს კიდევ ერთი ბაღი გავხსენით ჩვენს მუნიციპალიტეტში. ძალიან ბევრი რამ კეთებდა ბავშვებისთვის და მომავალშიაც ასე გაგრძელდება” – დასძინა ბატონმა დავითმა. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში რიგით მეხუთე საბავშვო ბაღი აშენდა. ამ ეტაპზე საბავშვო ბაღების მშენებლობა მიმდინარეობს ჩოლობარგში, ლესასა და შუხუთში.
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში კიდევ ერთი ახალი ბაღი გაიხსნა
17/10/2016