ბერნის გამოყენებითი მეცნიერების უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეს, სოლომონ პავლიაშვილს საქართველოში გლობალური ხარისხისა და სტანდარტების პროგრამის (GQSP-Georgia) ფარგლებში შემუშავებული დოკუმენტის „საქართველოს ლაბორატორიული ინფრასტრუქტურის მდგრადი განვითარების საგზაო რუკა“ სამუშაო ვერსია გააცნეს. საგზაო რუკა დაინტერესებული მხარეებისთვის იქნება სახელმძღვანელო, რომელიც ლაბორატორიული საქმიანობების მიმდინარე და სამომავლო აქტივობების კოორდინაციას, ლაბორატორიების ტექნიკური და ადამიანური რესურსების/შესაძლებლობების განვითარებას შეუწყობს ხელს.
„ლაბორატორიული ინფრასტრუქტურის მდგრადი განვითარების საგზაო რუკა“ ლაბორატორიების გასაძლიერებლად შემუშავდა. დოკუმენტზე მუშაობის პროცესში გამოიკვეთა გამოწვევები, რომელიც ზოგადად ქვეყანაში ლაბორატორიებს აქვთ. პროექტის მთავარი მიზანია, ხელი შეუწყოს ფიტოსანიტარიის, ვეტერინარიისა და სურსათის უვნებლობის მიმართულებით მაღალი სტანდარტების დანერგვას, რაც ქართული პროდუქციის კონკურენტუნარიანობას გაზრდის ევროკავშირის ბაზარზე“, – განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა.
პროექტი ხორციელდება შვეიცარიის ეკონომიკურ საქმეთა სახელმწიფო სამდივნოს (SECO) ფინანსური ხელშეწყობითა და გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაციის (UNIDO) ტექნიკური მხარდაჭერით. შეხვედრას საქართველოს პარლამენტის წევრი ხატია წილოსანი, ბერნის გამოყენებითი მეცნიერების უნივერსიტეტის წარმომადგენლები, დოცენტი დომინიკ ბლეტლერი და პია ფეჰლე, გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაციის (UNIDO) მოწვეული ექსპერტები ნინო მანველიძე და ეკატერინე ბურკაძე, და სამინისტროს სისტემაში შემავალი შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.