პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი ვოლსკის განცხადება გააკეთა.
„მეც და ჩემს კოლეგებსაც არაერთგზის განგვიცხადებია, რომ კურსი, რომელსაც საქართველოში ატარებდა სააკაშვილის ხელისუფლება, იყო მიმართული პირადი დიქტატორული მმართველობის სისტემის გაძლიერებაზე და ამასთანავე, მნიშვნელოვანწილად შეესაბამებოდა რუსეთის ინტერესებს, რაც განსაკუთრებით თვალსაჩინო გახდა 2008 წლის აგვისტოს ტრაგიკული მოვლენებისას, როდესაც სრულიად იქნა იგნორირებული ჩვენს პარტნიორებთან შეთანხმებული სტრატეგია – ერთობლივად შემუშავებული „საგზაო რუკა“ და რუსეთს საშუალება მიეცა მოეხდინა საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციისათვის საჭირო გეგმის რეალიზაცია. დღეს, მინდა ყურადღება გავამახვილო „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, მიხეილ სააკაშვილის ახლა უკვე დაუფარავ გზავნილზე მისი პოლიტიკური ხედვის შესახებ, რომელიც მან წარმოადგინა მიმდინარე წლის 12 აპრილს, ვარშავაში უკრაინულ დიასპორასთან შეხვედრის დროს. ყოველგვარი ორაზროვნების გარეშე, იგი ფაქტიურად ტოლობის ნიშანს სვამს ოკუპანტი რუსეთის და დასავლეთის მიდგომებს შორის, როგორც უკრაინის, ასევე საქართველოსთან მიმართებაში.
შექმნილ რთულ ვითარებაში, როდესაც უკრაინისათვის საერთაშორისო თანადგომა, ისევე როგორც საქართველოსათვის, გადამწყვეტი პირობაა, სააკაშვილი მიუთითებს, რომ განვითარებული უკრაინა და განვითარებული საქართველო არავის სჭირდება „კოლონიალური პოლიტიკის“ გამტარებელ ევროკავშირში.
გარდა იმისა, რომ სააკაშვილმა ზედმიწევნით გაიმეორა რუსეთის სტრატეგიული ამოცანის მთავარი ფორმულა, უკრაინელებს დასავლეთის დიქტატისაგან დამოუკიდებელი განვითარების პერსპექტივის სადემონსტრაციოდ წარმოუდგინა ანიმაციური ფილმი, მულტფილმი, რომელიც დედაქალაქის ახლად აშენებულ ქალაქში გადატანის და საყოველთაო კეთილდღეობის დემონსტრირების კონცეფციაზეა აგებული. საქართველოსთან მიმართებაში „ნაციონალური მოძრაობის“ უცვლელი ლიდერისაგან მოსმენილი ფორმულირებები ერთგვარი პასუხია იმ პროცესების საყოველთაო პოზიტიურ შეფასებაზე, რომელიც მიმდინარეობს პარტნიორ ქვეყნებთან, ნატოსთან, ევროკავშირთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობების ფორმატში პოლიტიკური თუ ეკონომიკური თვალსაზრისით. დასაშვებია, რომ ეს გამოხტომა მავანმა დასავლეთისგან უარყოფილი რევოლუციონერი პოლიტიკოსის არაადეკვატურობის მორიგ გამოხატულებად მიიჩნიოს, თუმცა, თუკი ყურადღებით გავაანალიზებთ „ნაციონალური მოძრაობის“ და მის გარშემო გაერთიანებული სატელიტური პოლიტიკოსების და ნაკლებად პარტიების ბოლოდროინდელ ქმედებებს, მათი საპრეზიდენტო კანდიდატის და ახლა უკვე თამჯდომარის მონაცემებს, ცილისმწამებლურ განცხადებებს, ქვეყნის შიგნით დესტაბილიზაციის დაუოკებელ მცდელობებს, დასკვნებიც სხვა შინაარსის იქნება.
იმედს ვიტოვებთ, რომ ვითარებაში უფრო ფართოდ გარკვევის სურვილს გამოხატავენ საზოგადოებრივი ორგანიზაციები და მედიასაშუალებები. ვფიქრობთ, რომ საქართველოს ხალხისათვის განსაკუთრებით საინტერესო იქნება ამ საკითხზე პოლიტიკური პარტიების პოზიცია, ისევე როგორც დიპლომატიური კორპუსის მოსაზრებები აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატში მათი ქვეყნების და გაერთიანებების მოღვაწეობის „კოლონიალისტურ პოლიტიკად“ შეფასების თაობაზე“- განაცხადა ვოლსკიმ.