კუმისის ტბა, თავისი მნიშვნელობით, უნიკალურია, ამ ტერიტორიას 60-მდე სახეობის გადამფრენი ფრინველი იყენებს დასვენებისა და ბინადრობისთვის

02/04/2024

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი დოხტურიშვილმა გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალ კუმისში, ტბის წყლით მომარაგებასთან დაკავშირებით განხორციელებული სამუშაოები მერთან, დავით კარგარეთელთან ერთად მოინახულა. ტურისტული პოტენციალის მქონე კუმისის ტბა, თავისი მნიშვნელობით, უნიკალურია, ამ ტერიტორიას 60-მდე სახეობის გადამფრენი ფრინველი იყენებს დასვენებისა და ბინადრობისთვის, ტბა ასევე გამოირჩევა თევზის სახეობების მრავალფეროვნებითაც. თუმცა, ის გარკვეული ეკოლოგიური პრობლემის წინაშე დგას, კერძოდ ტბა არ ივსება საკმარისი რაოდენობის ჩამდინარე წყლებით, რაც მისი კვდომის პროცესს უწყობს ხელს. პრობლემის მოგვარების მიზნით, ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით, სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს საქართველოს მელიორაციის სამსახურმა, ახალი კუმისის ტერიტორიაზე, განახორციელა არხების გაწმენდის სამუშაოები, რამაც შესაძლებელი გახადა, რომ წყლის ის რაოდენობა, რომელიც მოედინებოდა და იკარგებოდა გრუნტში, ახლა პირდაპირ ჩაედინება ტბაში. განხორციელებული სამუშაოების შედეგად, ტბაში წყლის დონე მოიმატებს და მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება ეკოლოგიური მდგომარეობა. გარდა ამისა, მოხდება მიმდებარე ტერიტორიაზე სოფლის დაჭაობებული მიწების დაშრობა და მოსახლეობას ექნება შესაძლებლობა გამოიყენოს ისინი პირუტყვის საძოვრებად.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0