აქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ კომპოზიტორ ვაჟა აზარაშვილს, ქართული ხელოვნების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს სპეციალური ჯილდო „ხელოვნების ქურუმი“ გადასცა, ღონისძიებას კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილი დაესწრო.
ვაჟა აზარაშვილის შემოქმედება ჟანრობრივი მრავალფეროვნებით გამოირჩევა. კომპოზიტორს ქართულ ხელოვნებაში შეტანილი წვლილისათვის მრავალი საპატიო წოდება და პრემია აქვს მინიჭებული: 1998 წელს გოგებაშვილის სახელობის პრემია, 2003 წელს ზ.ფალიაშვილის სახ. პრემია, სახელმწიფო პრემია (2004). არის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1979), საქართველოს სახალხო არტისტი (1988), ღირსების ორდენი (1998). თბილისის საპატიო მოქალაქე გახდა (1999) და მრავალი სხვა.
ვაჟა აზარაშვილი დაიბადა 1936 წლის 13 ივლისს, თბილისში. მუსიკალური განათლება IV სამუსიკო სასწავლებელში მიიღო. 1964 წელს დაამთავრა თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახ. სახ. კონსერვატორია კომპოზიციის კლასი (პროფ. ი. ტუსკია). 1961 წლიდან ვაჟა აზარაშვილი შემოქმედებითი მოღვაწეობის პარალელურად, პედაგოგიურ საქმიანობასაც ეწეოდა, ჯერ II და III სამუსიკო სასწავლებლებში, 1971 წლიდან კონსერვატორიის პედაგოგია ( პროფესორი 1988 წლიდან). 1994 წელს გახდა საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიის სამხატვრო ხელმძღვანელი, ხოლო 1997 – 2007 წლებში კომპოზიტორთა კავშირის თავმჯდომარე.
კულტურის მინისტრმა ვაჟა აზარაშვილს ხელოვნების ქურუმი გადასცა
10/03/2017